ხორავას ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი პირები თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან.