ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდი სისხლის შედედების სისტემის დარღვევის შედეგად გარდაიცვალა
ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდი სისხლის შედედების სისტემის დარღვევის შედეგად გარდაიცვალა

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდი სისხლის შედედების სისტემის დარღვევის შედეგად გარდაიცვალა. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა, ე.წ. დევეეს სინდრომი პაციენტს რამდენჯერმე გაუაქტიურდა.

„ეს ფაქტორი მოსალოდნელი იყო, ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. სამწუხაროდ,  მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა – ჩატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიება, იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა, მაგრამ  ე.წ. დევეეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული“, – განაცხადა ექიმმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არ იყო საკმარისი სისხლის მარაგი, სიმართლეს არ შეესაბამება.

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს. და 2001 წელს დაბადებული ლ.დ.

დაჭრილი მოზარდებიდან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.