ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი თაობის უსაფრთხოება დაცული იყოს
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი თაობის უსაფრთხოება დაცული იყოს

შეძრული ვარ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და შემაძრწუნებელი შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტს.

მისი თქმით, ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

„სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც ჩემთან ერთად, თითოეული ჩვენგანი განიცდის. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. მომხდარი ნათლად გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის მიმართ გვმართებს და განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით სწორედ ბავშვებსა და მოზარდებს უნდა მოვეკიდოთ.

პოლიტიკოსებმა, და ჩვენთან ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ დანაშაული უსწრაფესად იქნება გამოძიებული.

საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს, მეგობრებს და ახლობლებს. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.