ჩრდილოეთ ციმბირში ჰაერის სასტიკი დაბინძურება მზის სინათლეს ბლოკავს, რაც ტაიგის ტყეების ზრდას ანელებს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
რუსეთის ყველაზე დაბინძურებულ ქალაქ ნორილსკში ხის რგოლებზე ჩატარებული მასშტაბური კვლევით ცნობილი ხდება, რომ ადგილობრივი მაღაროებისა და ლითონის სადნობების მიერ ჰაერის დაბინძურება სულ მცირე ნაწილობრივ არის დამნაშავე ფენომენში, რომელსაც „არქტიკულ ჩაბნელებას“ უწოდებენ.
ეს მოვლენა „გლობალური ჩაბნელების“ მსგავსია, მაგრამ უფრო რეგიონალური; ხდება მაშინ, როდესაც ატმოსფეროში გროვდება ციცქნა მყარი ნაწილაკები ჰაერის დაბინძურებიდან, ვულკანური ამოფრქვევებიდან და მტვრიდან — სადაც ისინი ნაწილობრივ შთანთქავენ ან მიმოფანტავენ მზის ენერგიას, არღვევენ სინათლის ხელმისაწვდომობას, აორთქლებას და ჰიდროლოგიას მიწის პირზე.
გრძელვადიანი დაკვირვებები და თანამგზავრული გაზომვები აჩვენებს, რომ არქტიკის ზედაპირზე მიღწეული მზის რადიაცია საუკუნის შუა ხანების შემდეგ შემცირდა, მაგრამ ამ დრომდე დადასტურებული არ იყო, რომ ამის მიზეზი ადამიანთა მიერ რეგიონის დაბინძურება გახლდათ.
დღეისათვის, როდესაც მასშტაბური, დაურეგულირებელი მოპოვებითი სამუშაოები უკვე ნახევარი საუკუნეა მიმდინარეობს, ხეების ხმობა ნორილსკიდან უკვე თითქმის 100 კილომეტრში გავრცელდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი კვლევაა, რომელიც ტყის შემცირებას მზის სინათლის კლებასთან აკავშირებს.
„მიუხედავად იმისა, რომ გოგირდის გამონაბოლქვისა და ხეების კენწეროების ხმობის პრობლემა ევროპის უმეტეს ნაწილში წარმატებით მოაგვარეს, ციმბირში ამ ფაქტორების გავლენის ხილვის საშუალება არ გვქონია, რადგან არ არსებობდა გრძელვადიანი მონიტორინგის მონაცემები“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი სისტემების ანალიტიკოსი ულფ ბიუნტგენი.
მართლაც, ეს რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებულია. ქალაქ ნორილსკის გარშემო ათასობით ცოცხალი და გამხმარი წიწვოვანი ხის რგოლების მონაცემებით, მკვლევრებმა შეძლეს იმის აღდგენა, თუ რა მოხდა ამ ერთ დროს ხელუხლებელი ტყეების თავს.
მერქნისა და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის გამოყენებით, მათ რუკაზე დაიტანეს ნორილსკის უკონტროლო, გარემოს კატასტროფა, რომელიც ბოლო 90 წელია მიმდინარეობს.
„უკვე ვხედავთ, რომ 1960-იანი წლებიდან ნორილსკის სიახლოვეს ხეების მასობრივად გახმობა დაბინძურების დონის მატების გამო დაიწყო“, — ამბობს ბიუნტგენი.
ჯგუფის მიერ შექმნილი მოდელი ატმოსფეროში ჰაერის დაბინძურების ინდიკატორად ზედაპირზე მიღწეულ მზის რადიაციას იყენებს და იმის ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობს, რომ არქტიკულმა ჩაბნელებამ ხეების ზრდა 1970-იანი წლებიდან არსებითად შეამცირა.
კვლევის ავტორთა განცხადებით, დღეისათვის, ტაიგის ტყეები ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში დიდწილად გახდა ჰაერის ანთროპოგენული დამაბინძურებლების მსხვერპლი, არქტიკული ჩაბნელების ეფექტები კი შესაძლოა, გაცილებით ფართოდ სცდება ნორილსკის რეგიონს.
ცნობილია, რომ სამწუხაროდ, დამაბინძურებლები მასშტაბური ცირკულაციის წყალობით არქტიკის ატმოსფეროში გროვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთის ეკოსისტემა გლობალური დაბინძურებისადმი უფრო მოწყვლადი უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ, კვლევის ავტორები პრობლემის მთლად ასეთ მასშტაბურობასაც არ ელოდნენ.
„გაგვაოცა ინდუსტრიული დაბინძურების ეფექტების გავრცელების მასშტაბმა, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად მოწყვლადი და მგრძნობიარეა მის მიმართ ტაიგა“, — აღნიშნავს ბიუნტგენი.
მისივე თქმით, ამ ბიომის ეკოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩრდილოეთის მაღალ განედებზე დაბინძურების დონეს შეიძლება უზარმაზარი გავლენა ჰქონდეს ნახშირბადის მთლიან გლობალურ ციკლზე.
დაბინძურება ამ ძვირფასი ეკოსისტემების ერთადერთი საფრთხე როდია. ტაიგის ტყეების მრავალფეროვნებას ცვლის კლიმატის ცვლილებაც, უფრო ხშირი და ძლიერი ტყის ხანძრები ყოველწლიურად ციმბირის უზარმაზარ ზონებს ასუფთავებს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს რეგიონში ჰაერის დაბინძურების პრობლემას.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალური დათბობის ზოგიერთი მოდელის მიხედვით ხეების ზრდა უნდა დაჩქარდეს, ახალი კვლევა წარმოაჩენს, რომ ეს პროცესი შეიძლება გადაწონოს ჰაერის დაბინძურებამ და არქტიკაში ხეების ზრდა ისე შეანელოს და დაასუსტოს, როგორც არასდროს.
დამატებითმა კვლევამ ინდა განსაზღვროს, როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება მზის რადიაციის შემცირებას, პირდაპირ შთანთქმით თუ არაპირდაპირ, ღრუბლებზე მისი ეფექტებით.
გამომდინარე იქიდან, რამდენად მნიშვნელოვანია ტაიგის ტყეები ნახშირბადის ჩაძირვისთვის და რამდენად მოწყვლადია ისინი, ავტორები აღნიშნავენ, რომ ინდუსტრიული გამონაბოლქვის მხრიდან მათზე არსებული ეფექტების გრძელვადიანი კვლევაა საჭირო.
კვლევა ჟურნალ Ecology Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.