არქტიკა განწირულია, ტემპერატურის მატების შესაჩერებლად აღარაფერი შეგვიძლია - ახალი კვლევა
აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მოვიმოქმედებთ, არქტიკა მომავალში აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც დღესაა.
გაეროს ახალი კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხვალვე შევწყვეტთ ნახშირბადის გამონაბოლქვის გამოყოფას, ხელ-ფეხი მაინც შეკრული გვაქვს. საუკუნის ბოლოსთვის, არქტიკაში საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსით მოიმატებს.
რეალობა ის არის, რომ კაცობრიობის საქმიანობის შედეგად გამოიყოფა ზედმეტად ბევრი სათბურის აირები, რის შედეგებსაც უკვე ვეღარ გავექცევით.
როგორც კვლევა იუწყება, პარიზის შეთანხმების შესრულების ფარგლებშიც კი, 2050 წლისთვის არქტიკაში ზამთრის ტემპერატურა ინდუსტრიამდელ მაჩვენებელთან შედარებით სულ მცირე 3 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს, 2080 წლისთვის კი 5-9 გრადუსით.
არქტიკის რეგიონი კლიმატის ცვლილების ნამდვილი სამიზნეა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ დანარჩენ მსოფლიოს მშვიდად ყოფნის საშუალება აქვს. როცა ჩვენი პლანეტის ეს ნაწილი დნება, შედეგები დაუყოვნებლივ აისახება დედამიწის დანარჩენ ნაწილშიც.
არაერთი კვლევა გვაფრთხილებს, რომ არქტიკის რეგიონში კლიმატის ცვლილება მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ზღვის დონის საგანგაშო მატებას, რასაც მოჰყვება სანაპიროების დატბორვა, ეროზია, შენობა-ნაგებობათა და ინფრასტრუქტურის დაზიანება. გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ეკოსისტემებს, დაბინძურდება სასმელი წყალი და გამოიწვევს ადამიანთა მასობრივ მიგრაციებს.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოის მსუიას განცხადებით, ის, რაც არქტიკაში ხდება, მხოლოდ არქტიკაში არ დარჩება. საჭიროა სასწრაფო მოქმედება, რათა ზიანი რაც შეიძლება შემცირდეს.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ცვლილებები ანადგურებს ისედაც განადგურებულ რეგიონს. როგორც კვლევები აჩვენებს, 1979 წლიდან დღემდე, არქტიკამ ზღვის ყინულის მასის 40 პროცენტი დაკარგა, დარჩენილი ყინული კი სულ უფრო თხელდება და მოწყვლადი ხდება.
ზოგიერთი კლიმატური მოდელის მიხედვით, არქტიკის ყინულის ქუდი 2030-იან წლებში მთლიანად გაქრება.
პარიზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაშიც კი, მოსალოდნელია, რომ არქტიკის მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგები 45 პროცენტით კიდევ შემცირდეს, რის შედეგადაც ატმოსფეროში გამოიყოფა მილიარდობით ტონა ნახშირბადი და მეთანი.
ეს კი საბოლოოდ გამოიწვევს ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებასა და ყინულების დნობას. შედეგები შეიძლება იყოს უფრო გახშირებული ტყის ხანძრები, ჰაბიტატის დაკარგვა, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ა. შ.
ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის, მრავალწლოვანი მზრალობის დნობა ზიანს მიაყენებს დღევანდელი არქტიკის რეგიონში მცხოვრებ ოთხ მილიონ ადამიანსა და ინფრასტრუქტურის 70 პროცენტს.
როგორც კვლევაში წერია, როცა მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგები დნება, ორგანული ნივთიერებები ხვდება ზედაპირის მტკნარ წყალში, რომელიც შემდეგ ოკეანეში ჩაედინება, იხრწნება და მატებს მჟავიანობას.
კლიმატის ცვლილების მსგავსად, არქტიკას ასევე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მჟავიანობის მომატება. მის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ზღვის სახეობები, რადგან ცივ წყალს, რომელშიც ისინი ბინადრობენ, უფრო მეტი დაშლილი CO2-ის შენარჩუნება შეუძლია, რაც ზრდის მჟავიანობასაც.
დღეისათვის, ზედაპირის წყლები 30 პროცენტით უფრო მჟავურია, ვიდრე ინდუსტრიამდელ ეპოქაში იყო. ეს კი აზიანებს მარჯნებსა და მოლუსკებს და არღვევს კვების ჯაჭვს. ჩონჩხისა და საფარის გასავითარებლად, ზღვის ზღარბებსა და პლანქტონებს უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ.
ის, რაც დღეს არქტიკაში ხდება, გამაფრთხილებელი ნიშანია, რათა თავიდან ავიცილოთ სამომავლო დათბობა. როგორც კვლევა იუწყება, თუ დროულად არ ვიმოქმედეთ, შესაძლოა, სულ მალე სასიკვდილო განაჩენის წინაშე აღმოვჩნდეთ, გასაქცევი კი ნამდვილად არსად გვექნება.
კვლევა გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ ჩაატარა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.