არქტიკის ყინულებიდან დიდი ოდენობით „სამარადისო ქიმიური ნივთიერება“ ჟონავს — #1tvმეცნიერება
არქტიკის ყინულებიდან დიდი ოდენობით „სამარადისო ქიმიური ნივთიერება“ ჟონავს — #1tvმეცნიერება

ნივთიერებებს, პოლიფლუოროალკილსა და პერფლუოროალკილს (PFAS) „სამარადისო ქიმიურ ნივთიერებებს“ უწოდებენ, რადგან ისინი გარემოში ბუნებრივად არ იშლება. ახალი კვლევა მიუთითებს, რომ არქტიკის ყინულების დნობისას სულ უფრო მეტი ეს ნივთიერებები ჟონავს გარემოში.

ისინი არქტიკული წარმოშობის არ არის, შემდეგ არის მოხვედრილი, რადგან გამოიყენება ადამიანის მიერ დამზადებულ თითქმის ყველა სახის პროდუქტსა და პროცესში, პიცის ყითებიდან დაწყებული, ცეცხლსაქრობი ქაფით დამთავრებული. ატმოსფეროში მოხვედრის შემდეგ, ისინი ხშირად არქტიკის ყინულებში ხვდება და იჭედება.

ამაში ახალი არაფერია. თუმცა, ლანკასტერის უნივერსიტეტის ქიმიკოსების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ზღვის ყინულში ამ ნივთიერებათა (PFAS) კონცენტრაცია ახლო კავშირშია წყლის მარილიანობასთან. რაც უფრო მლაშეა ზღვა, მით უფრო მაღალია ამ სამარადისო ქიმიურ ნივთიერებათა კონცენტრაცია.

პრობლემა იმაშია, რომ პლანეტა თბება, დნობისა და გაყინვის ციკლები ოკეანის წყალში ძლიერ მლაშე წყლის „ჯიბეებს“ წარმოქმნის და PFAS ნივთიერებებს თავს უყრის პატარა ტბორებში. თანდათანობით, ეს ძლიერ კონცენტრირებული ქიმიური ნივთიერებები ზოგად ცირკულაციაში გადადის.

„ზღვის ყინულის ცვალებადი ბუნება, დნობის ადრეული და არამდგრადი პერიოდები, შეიძლება გავლენას ახდენდეს საკვანძო საკვებ ნივთიერებებთან ერთად დამაბინძურებლების დამუშავებასა და გამოყოფაზე, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს წყლის კვების ჯაჭვის საძირკველთან არსებულ ფლორასა და ფაუნაზე“, — ამბობს ლანკასტერის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ქიმიკოსი კრისპინ ჰალსალი.

PFAS ნივთიერებები ადამიანებისა და ცხოველებისთვის ტოქსიკურია. სწორედ ამიტომ არის კვების ჯაჭვში მათი გამოყოფა ასე სამწუხარო. წინა კვლევები მათ უკავშირებს ისეთ პრობლემებს, როგორებიც არის ღვიძლის დაზიანება და ემბრიონის ზრდის პრობლემები.

კვლევები აჩვენებს, რომ არქტიკის დნობადი ყინულების სიახლოვეს, ზედაპირის წყლებში PFAS-ების კონცენტრაცია ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე ჩრდილოეთის ზღვიდან აღებულ ნიმუშებში.

კიდევ ერთ ახალ კვლევაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ამ ქიმიურ ნივთიერებათა დიდი ნაწილი ყინულის თავზე თოვლით ხვდება.

ამ ნივთიერებათა ბუნებაში გამოყოფის უფრო დეტალურად შესასწავლად, მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ზღვის ყინულის ხელოვნური ღრუ, რათა კონტროლირებადი ექსპერიმენტები ჩაეტარებინა ძვრების ფაზებში წყალსა და ყინულს შორის ამ ქიმიურ ნივთიერებათა მოძრაობების გასაზომად.

დასაწყისში, როდესაც ყინული დნება, წყალში დიდია გახსნილი მარილების რაოდენობა.

ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს პორცია ასევე შეიცავს დიდი ოდენობით PFAS ნივთიერებებს და ისინი ძირითადად მოკლეჯაჭვიანი ნაირსახეობებისგან შედგება. შემდეგ, როდესაც ნადნობი წყალი უფრო სუფთავდებოდა, PFAS ნივთიერებათა ჯაჭვები როგორღაც გრძელდებოდა.

არქტიკაში დნობის გრძელ პერიოდებში ეს მარილწყალი გამოთავისუფლდება და უფრო რეგულარულად ერევა თოვლის ნადნობ წყალს; მკვლევართა განცხადებით, სწორედ ეს შეიძლება იყოს გაზრდილი დაბინძურების მიზეზი.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში ახლა დომინირებს ერთწლიანი ყინული, რომელიც ძველი, მრავალი წლის განმავლობაში წარმოქმნილ ყინულს ანაცვლებს. ეს ახალი ყინული ბევრ მოძრავ მარილწყალს შეიცავს, რომელსაც შეუძლია ურთიერთქმედება თოვლთან და PFAS დამაბინძურებლების კიდევ უფრო კონცენტრირება.

ეს კი უშუალო პრობლემაა ყინულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი ორგანიზმებისთვის — არქტიკის კვების ჯაჭვის ძირში არსებული ორგანიზმებისთვის, რომლებიც ხშირად იკვებებიან მოტივტივე ყინულებზე არსებულ მარილწყალში და ახლა ამ ქიმიურ ნივთიერებებთან უფრო მეტი კონტაქტი უწევთ.

მკვლევართა ჯგუფი ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას და უფრო მეტი დეტალის გარკვევას გეგმავს.

კვლევა Environmental Science & Technology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.