არიან თუ არა დიდი ძაღლები პატარებზე ჭკვიანები - ახალი კვლევის პასუხი
არიან თუ არა დიდი ძაღლები პატარებზე ჭკვიანები - ახალი კვლევის პასუხი

დიდი ძაღლები, უფრო დიდი ტვინით, გარკვეული გონებრივი შესაძლებლობებით უფრო მაღლა დგანან, ვიდრე პატარები. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

დიდტვინიანი ძაღლები პატარებს სჯობნიან აღმასრულებელი ფუნქციების თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს კოგნიტური პროცესების წყებას, რომელიც აუცილებელია სხვა კოგნიტურ შესაძლებლობათა და ქცევათა კონტროლისა და კოორდინირებისათვის.

კერძოდ, ჟურნალ Animal Cognition-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, დიდ ძაღლებს უკეთესი მოკლევადიანი მეხსიერება და თვითკონტროლი აქვთ, ვიდრე პატარებს.

კვლევის ავტორის, დანიელ ჰორშლერის განცხადებით, მთავარი კითხვა არის ის, თუ რატომა შეიძლება ტვინის ზომა დაკავშირებული იყოს შემეცნებასთან. მათი აზრით, ტვინის ზომა უნდა მიუთითებდეს სხვა რამეს, რადგან ნეირონების რაოდენობას, პასუხისმგებელია ნეირონებს შორის კავშირზე.

თუმცა, ძაღლის ტვინის ზომა კავშირში არ აღმოჩნდა ყველა ტიპის გონებრივ შესაძლებლობებთან.

ჰორშლერმა დაადგინა, რომ ტვინის ზომა ვერ პროგნოზირებს ძაღლის შედეგებს სოციალური ინტელექტის ტესტებში, რასაც მკვლევრები ზომავენ თითოეული ძაღლის უნარით, მიჰყვნენ ადამიანის ჟესტებს.

კვლევის შედეგები იმეორებს წარსულში მეცნიერთა მიერ პრიმატებში შემჩნეულს — ტვინის ზომა დაკავშირებულია აღმასრულებელ ფუნქციასთან, მაგრამ კავშირში არ არის სხვა სახის ინტელექტთან.

ჰორშლერის განცხადებით, წინა კვლევები ძირითადად პრიმატებს ეხებოდა და შესაბამისად, დარწმუნებული არ იყვნენ, იყო თუ არა ეს პრიმატების ტვინის ევოლუციის უნიკალური ასპექტების შედეგი.

„ვფიქრობთ, ძაღლების შემოწმება ამ მხრივ საუკეთესო საშუალებაა, რადგან მათი ტვინის ზომებში დიდი მრავალფეროვნებაა, თანაც ისეთი ხარისხით, რასაც ხმელეთის სხვა ბევრ ძუძუმწოვარში ვერ ნახავთ. მაგალითად გამოდგება თუნდაც, ჩიხუახუა და გერმანული დოგი“, — აღნიშნავს დანიელ ჰორშლერი.

ჰორშლერმა კვლევისათვის გამოიყენა მონაცემები სუფთა სისხლის 74 სხადასხვა ჯიშის 7000 ძაღლის შესახებ. მონაცემები აიღეს ვებგვერდიდან Dognition.com, რომელიც ძაღლის პატრონებს აძლევს ინსტრუქციებს თავიანთ ოთხფეხა მეგობრის გონებრივი შესაძლებლობების შემოწმებისათვის, ძირითადად თამაშზე დაფუძნებული სხვადასხვა აქტივობებით.

ამის შემდეგ, მომხმარებლები მონაცემებს ვებგვერდზე ტვირთავენ, რაზეც წვდომა ეძლევათ მკვლევრებს.

მოკლევადიანი მეხსიერების შესამოწმებლად, ძაღლის პატრონი საჩუქარს მალავს ორიდან ერთ-ერთ დახურულ პლასტმასის ყუთში. ამის შემდეგ, პატრონი იცდის 60, 90, 120 ან 150 წამს, შემდეგ კი ძაღლს საჩუქარს უჩენს. პატარა ძაღლებმა გაცილებით რთულად დაიმახსოვრეს, სად მალავდა პატრონი საჩუქარს.

თვითკონტროლის შესამოწმებლად, პატრონი საჩუქარს მჯდარი ძაღლის წინ დებს და მის აღებას უკრძალავს. ამის შემდეგ, პატრონი ძაღლს უყურებს ან მისგან მოშორებით მიდის. როგორც წესი, დიდი ჯიშის ძაღლები უფრო დიდხანს იცდიან აკრძალული საჩუქრის ასაღებად.

ჰორშლერი და მისი კოლეგები აკონტროლებდნენ, გაიწვრთნებოდნენ თუ არა ძაღლები. დაადგინეს, რომ მიუხედავად წვრთნის ხანგრძლივობისა, დიდტვინიანი ჯიშის ძაღლებს უკეთესი მოკლევადიანი მეხსიერება და თვითკონტროლი ჰქონდათ, ვიდრე პატარებს.

ჰორშლერი გეგმავს მომავალში შედარებითი კვლევის ჩატარებას ერთი და იმავე ჯიშის სხვადასხვა სახეობის ძაღლების კოგნიტური შესაძლებლობების შესახებ. მაგალითად, შეადაროს მინიატურული და სტანდარტული პუდელი.

კვლევა ჟურნალ Animal Cognition-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uanews.arizona.edu-ს მიხედვით.