არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 11 ოქტომბერს დაიწყება
სასამართლომ დასაშვებად ცნო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და საქმე, არსებითი განხილვის მიზნით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადასცა, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება ექსპერტიზების ნაწილს, რომლის დაუშვებლობაც ბრალდებულების ადვოკატმა მოითხოვა, ეს შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი.
„სასამართლომ განმარტა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ჩვენ მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოკვლევის შედეგად დაადასტურებენ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს სწორედ ბრალდებულის მიერ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და მასთან ერთად მყოფი ოთხი პირის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ასევე წამების მიზნით, არჩილ ტატუნაშვილის გადაცემა ცხინვალის ე.წ.სამართალდამცველი ორგანოებისთვის“, – განაცხადა პროკურორმა.
საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა და პროკურატურა მათ 144-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით ედავება, რაც ადამიანის წამებით სიკვდილს გულისხმობს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.
არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც ეძებენ. ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა.
დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.