არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტებს ხვდება. შეხვედრას შსს-ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილიც ესწრება.
გიორგი ტატუნაშვილმა გუშინ პირველ არხს განუცხადა, რომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტების მიერ შედგენილი სამედიცინო დასკვნის გაცნობის შემდეგ კითხვები გაუჩნდა, რასთან დაკავშირებითაც ექსპერტებთან სურდა შეხვედრა. როგორც მან აღნიშნა, მისი შვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს.