არჩილ ტატუნაშვილის მამა - შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს
არჩილ ტატუნაშვილის მამა - შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს

შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება, – ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ ძალისხმევა არ დაიშურა და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები გამოევლინა.

„მნიშვნელოვანია, რომ არ ივიწყებენ ჩემს შვილს. გამოძიებამ რაც შეძლო, არ დაიშურეს ძალისხმევა და ორი პიროვნება მაინც დაადგინეს, ის ორი დამნაშავე, რომლებმაც დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა, ყველამ ვიცით, რომ გამოძიებას იქით მხარეზე ხელი არ მიუწვდება. იმედი მაქვს და შეიძლება, მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სამართალი იზეიმებს, როცა იქნება“, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა. ყოფილი სამხედროს ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დღეს მის საფლავზე, მუხათგვერდში ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. ასევე, ტატუნაშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა ჩაატარა და დასკვნა მოამზადა. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევსა  და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა გამოაცხადა.