ქეთევან ციხელაშვილი - მუდამ გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი 
ქეთევან ციხელაშვილი - მუდამ გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი 

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა.

ყოფილი სამხედროს ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მის საფლავზე, მუხათგვერდში ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები შეიკრიბნენ. მათ საფლავი ყვავილებით შეამკეს.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 36 წლის გახდებოდა. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც უკანონოდ დააკავეს, აწამეს და და მოკლეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. დამნაშავეები, ვინც მას მოუსწრაფა სიცოცხლე და ოჯახსა და თითოეულ ჩვენგანს ეს თარიღი ტრაგედიად უქცია, ჯერ კიდევ დაუსჯელი არიან. დღესაც ჩვენი დელეგაცია ჟენევაში და სახელმწიფო მთლიანად, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ამ მკვლელობის დამნაშავეები დაისაჯონ და მომავალში აღარ ხდებოდეს ის, რაც ხდება ოკუპაციის პირობებში, მივაღწიოთ მიზნებს მშვიდობიანად, რასაც შეეწირა არჩილ ტატუნაშვილი, ოთხოზორია, ჯერ კიდევ გამოსაძიებელი გვაქვს ირაკლი კვარაცხელიას საქმე, დათო ბაშარული და უამრავი ჩვენი ახალგაზრდა, შეიარაღებული დაპირისპირებების, რუსული აგრესიის დროს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი შეფასებით არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა ოჯახის მიმართ, ჩემი სახელით, მთელი სახელმწიფოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით და ვუთხრა მათ – გვახსოვს, მუდამ გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა ჩაატარა და დასკვნა მოამზადა. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევსა  და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა გამოაცხადა.