არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლოში ინდივიდუალური საჩივარი აგვისტოში შევა
ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ – ინდივიდუალური საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოში შევა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა მიაწოდა.
ინდივიდუალურ სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს.
„რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, იმ სახელმწიფოს შეერაცხება ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს, ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ მზადდება ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ეს საჩივარი“ – აცხადებს თამარ ავალიანი.
მაისში რუსეთის ფედერაციაში გაიგზავნა განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მათ გამოძიების დაწყების იმედი არ აქვთ, მაგრამ ეს საჭირო პროცედურა იყო.
„ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” – განაცხადა თამარ ავალიანმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სახელმწიფოც მიმართავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გასულ თვეს განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე მუშაობა მალე დასრულდება და მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.