არჩილ თალაკვაძე - წარსულს ჩავაბარეთ დრო, როცა სახელმწიფოს მოქალაქის არ ესმოდა და მის წინააღმდეგ მუშაობდა
არჩილ თალაკვაძე - წარსულს ჩავაბარეთ დრო, როცა სახელმწიფოს მოქალაქის არ ესმოდა და მის წინააღმდეგ მუშაობდა

ირაკლი შოთაძემ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო იმ განწყობების საპასუხოდ, რომელიც ზაზა სარალიძესა და საზოგადოების იმ ნაწილს ჰქონდა, ვინც სამართლიანობის მოთხოვნით გამოვიდა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მისი მხრიდან, პროცესზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცალსახად იყო გაცნობიერებული და მან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო“, -განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ პროკურატურამ ამ საქმეში რაღაც ხარვეზები წარმოაჩინა და ამის გამო შესაძლოა, პროკურატურის ფუნქცია დისკრედიტებული იყოს, მაგრამ არ შეიძლება, იმ ადამიანების მუშაობის იგნორირება, რომელთა მხრებზე დიდწილად არის დანაშაულთან ბრძოლა, რომლებიც სამართალდამცავი სისტემის განუყოფელი ნაწილი არიან და ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა დაცული იყოს.

„პროკურატურა წლის განმავლობაში ათასობით საქმეზე მუშაობს, ათასობით დამნაშავეს პასუხისგებაში აძლევს და ამიხსენით, თუ ეს უწყება თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ამას როგორ აკეთებს?!“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ირაკლი შოთაძის გადადგომით გარკვეულწილად, დასტურდება თუ არა ის მოცემულობა, რომ პროკურატურაში მნიშვნელოვანი პრობლემებია და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა საკანონმდებლო ცვლილებებს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პირველ დღეებში იყო შეფასებები, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები თავად კი არ მიიღო, არამედ ხალხის აზრი გაითვალისწინა, რადგან ეს ხალხმა აიძულა. მისი თქმით, ამაში უცნაური არაფერია, რადგან დემოკრატია სწორედ ეს არის.

„სრულყოფილი სისტემა და სამსახურები არ არსებობს და ამ დემოკრატიის პირობებში ისე ვერ მოხდება, რომ საზოგადოებას ხარვეზის განცდა და კითხვის ნიშანი არაფერზე არ ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როცა სახელმწიფოს მოქალაქის არ ესმოდა და მის წინააღმდეგ მუშაობდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა გუნდში კონსულტაციები მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ პროცესში საპარლამენტო უმრავლესობა ჩართული არ არის.

„მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს კანონი არეგულირებს და მასში მონაწილეობენ იუსტიციის სამინისტრო, საპროკურორო საბჭო, არასამთავრობო სექტორი, აკადემიური წრეები, მთავრობა და ბოლოს პარლამენტი. როცა კანდიდატურა პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.