არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, უსაფრთხოება, წესრიგი, დესტაბილიზაციის შემოტანის საშუალებას არავის მივცემთ
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, უსაფრთხოება, წესრიგი, დესტაბილიზაციის შემოტანის საშუალებას არავის მივცემთ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე მშვიდობიანი პროტესტი არ იყო.

თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი.

„საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა პირდაპირი შეტევა საქართველოს პარლამენტზე, ასევე იყო ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები არწმუნებდნენ საზოგადოებას, ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ გუშინ და შემდეგ დღეებში იქნებოდა პირდაპირი მცდელობები, პროტესტი გადაიზარდოს ძალადობაში და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის განხორციელება დაიწყოს, რაც გუშინ ნახა საზოგადოებამ. ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. ეს თუ მშვიდობიანი პროტესტი იყო, ასეთი მშვიდობა ჩვენს ხალხს და ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დაიცვან კანონით დადგენილი წესები და პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანად.

„კიდევ ერთხელ მივმართავთ ორგანიზატორებს, მონაწილეებს, დარჩნენ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, დაიცვან კანონით დადგენილი წესები მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს უსაფრთხოება, საერთო ჯამში, დაიცვეს როგორც მოქალაქეები, ისე ინსტიტუტები. დიდი სამუშაო გასწია ჯანდაცვის სამინისტრომ და სასწრაფო დახმარების სამსახურმა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. რაც შეეხება კონკრეტულ პროცესებს, რისი აღწერაც და დოკუმენტირებაც მიმდინარეობს, საზოგადოებამ ეს ნახა პირდაპირ ეთერში – იყო პირდაპირი შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე, საქართველოს პარლამენტზე, ასევე იყო ფიზიკური ძალადობის მაგალითები, დაშავებული არიან პოლიციელები. ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია, რეალურად, გადაიზარდა ძალადობაში. სწორედ ამაზე ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ რადიკალური ოპოზიციის და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმა იქნებოდა ასეთი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი. არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.