არჩილ თალაკვაძე - ჩვენი 200 ათასი თანამოქალაქე შეიკრიბა გუშინ რუსთაველზე და თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი 200 ათასი თანამოქალაქე შეიკრიბა გუშინ რუსთაველზე და თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია

ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს ვულოცავ თავდაცვის ძალების დღეს, ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც თავის გასწირა სამშობლოს დასაცავად, გმირულად მოიხადა თავისი ვალი მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად. გუშინ 200 000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე და თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც პარლამენტის სხდომაზე თალაკვაძემ განაცხადა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია.

„გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის, ოდნავ ზევით დგომის მათემატიკას, რადგან გუშინ რუსთაველზე მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა. მადლობა ჩვენს საზოგადოებას, მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა! სამწუხაროდ იყო და რჩება მცდელობები, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ამოფარებულმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა, არჩევნების გვერდის ავლით, თავი პრივილეგირებულ, ხალხზე მაღლა მდგომ ჯგუფად გამოაცხადონ, მონოპოლია ჰქონდეთ ჭეშმარიტებაზე, საჯარო პოლიტიკის შეფასებასა და თავისუფალ აზრზე, ეს იმ პირობებში, როცა მზად არიან გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების წინააღმდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყონ. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დეპუტატის განცხადებით, გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა ძლიერი სუვერენიტეტი და დემოკრატიული წესების პატივისცემა.

„მთელ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში რთული გამოწვევებია, ამ გამოწვევების საპასუხოდ ერთიანობა, ძლიერი სუვერენიტეტი და დემოკრატიული წესების პატივისცემა გვჭირდება. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, თავისი პოზიცია არჩევნებში გამოხატონ და პატივი სცენ არჩევნების შედეგებსაც. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაზრდა და ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა – მზად ვართ, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. დესტრუქციის ადგილი აღარ არის ამ ქვეყანაში. ისე, როგორც არასდროს, ახლა ერთიანობის, ერთად დგომის დროა. უნდა დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა თალაკვაძემ.