არჩილ თალაკვაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მხარს იმ კანდიდატებს დავუჭერთ, ვინც საპარლამენტო მოსმენების პროცესში ჩვენგან საკმარის ნდობას მოიპოვებს
არჩილ თალაკვაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მხარს იმ კანდიდატებს დავუჭერთ, ვინც საპარლამენტო მოსმენების პროცესში ჩვენგან საკმარის ნდობას მოიპოვებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მხარს იმ კანდიდატებს დავუჭერთ, ვინც საპარლამენტო მოსმენების პროცესში ჩვენგან საკმარის ნდობას მოიპოვებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კანდიდატების მიმართ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მწვავე კითხვებს სვამენ.

„პრაქტიკულად, განხილვების დროს ყველა იმ მნიშვნელოვანი ნიუანსის გადამოწმება ხდება, რაც კანდიდატებთან დაკავშირებით არსებობს. მეორე ფაქტორი, რითაც ვიხელმძღვანელებთ, ის არის, რომ უზენაესს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა უკიდურესად მცირეა და მანდატი იმ მოსამართლეებსაც ეწურებათ, რომლებიც დღეს უზენაესს სასამართლოში არიან. ასევე, ათასობით ღია საქმეა, რომელზეც მოქალაქეები გადაწყვეტილებებს ელოდებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, უზენაესს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური საკმარისი რაოდენობა მაინც დაკომპლექტდეს და ჩვენ ამას გავითვალისწინებთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის საკითხსაც გამოეხმაურა.

„თუ ვინმე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ მწვავე კითხვებს სვამს, ეს ჩვენი გუნდის წარმომადგენლები არიან. ჩვენთვის ნორმალური, დემოკრატიული სტანდარტია, როცა მათ შორის, შალვა თადუმაძესაც ჩვენი მხრიდან ძალიან მწვავე კითხვები დაუსვეს. შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განათლების სამინისტროს ხარისხის ცენტრისთვის მიმართული აქვს და ოფიციალურ პასუხს მიმდინარე კვირაში ველოდებით, რაც საბოლოოდ ამ საკითხზე დისკუსიას ამოწურავს. ფაქტია, რომ შალვა თადუმაძეს, როგორც სხვა კანდიდატებს, იურიდიული განათლება ნამდვილად მიღებული აქვს, გამოცდილი იურისტი და ადვოკატია. მას იურიდიული განათლება რომ არ ჰქონდეს, შეუძლებელი იქნებოდა, რომ მას ეს საქმიანობა განეხორციელებინა. მესმის, რომ დიპლომთან დაკავშირებით კითხვებია და პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ერთად კითხვები დასვას და ამაზე პასუხი ამომწურავი იქნება“, – დასძინა თალაკვაძემ.