არჩილ თალაკვაძე - ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარებას“ ლეგიტიმაცია არ ექნება
არჩილ თალაკვაძე - ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარებას“ ლეგიტიმაცია არ ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “აღიარების” გადაწყვეტილებას არანაირი ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა არ ექნება.

როგორც ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რუსეთის მანიპულირებით ასადის რეჟიმმა ე.წ. სახელმწიფოების აღიარებასთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

დეპუტატის თქმით, სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და ასადის რეჟიმთან საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაფიო შეფასებები აქვს.

„ბუნებრივია, ეს არაღიარების პროცესში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს, ეს რეჟიმებისთვის მოჩვენებითი აღიარებაა. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვაქვს და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა ვერანაირად ექნება, რადგან სირიაში კრიზისია. ასადსა და მის რეჟიმს სირიელი ქალების, კაცებისა და ბავშვების ხმა არ ესმით. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არანაირი ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერა არ ექნება. რატომ, ახლა? ამაზე პასუხი არსებობს. ასადის რეჟიმი რუსეთთან იმ მოვლენების შემდეგ ვალშია, რომელიც სირიაში ბოლო პერიოდში განვითარდა. შესაბამისად, რუსეთმა ეს დავალიანება იმისთვის გამოიყენა, რომ ასადის რეჟიმს ე.წ. აღიარება მიეღო”, – განაცხადა თალაკვაძემ.