არჩილ ჩოფიკაშვილი - აფგან მუხთარლისთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ადეკვატურადაა ასახული Amnesty International-ის ანგარიშში
არჩილ ჩოფიკაშვილი - აფგან მუხთარლისთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ადეკვატურადაა ასახული Amnesty International-ის ანგარიშში

მთავარი პრობლემა, რომელიც აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით არსებობს, აბსოლუტურად ადეკვატურადაა ასახული Amnesty International-ის ანგარიშში, – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

ჩოფიკაშვილი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუხთარლის საქმის გარშემო არსებულ მთავარ კითხვაზე ჯერ პასუხი არ არის გაცემული.

„მთავარი პრობლემა, რომელიც აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით არის, აბსოლუტურად ადეკვატურადაა ასახული ანგარიშში. ფაქტია, რომ დღემდე, მიმდინარე გამოძიებას არ დაუდგენია მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ანუ ის, თუ როგორ მოხდა ქალაქის ცენტრიდან დევნილი ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. ესაა მთავარი კითხვა, რაც ამ საქმის ირგვლივ რჩება და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე, ვერანაირი გამოძიება ვერ ჩაითვლება ეფექტურად“, – განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა.

მისივე თქმით, საჭიროა, მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების პარალელურად შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, გაირკვეს ის მიზეზები, თუ რატომ და რამ განაპირობა გამოძიების არაეფექტურობა, რომელიც უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ ანგარიშში აისახა“, – აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეც მოხვდა.