„ჯორჯიან ეარვეისი“ განმარტავს, რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის საქართველოში ტრანსპორტირებაზე
„ჯორჯიან ეარვეისი“ განმარტავს, რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის საქართველოში ტრანსპორტირებაზე

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განმარტავს, რატომ ეთქვა აფგან მუხთარლის საქართველოში ტრანსპორტირებაზე უარი.

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი არ შედის იმ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების“ ჩამონათვალში, რომლის მოქალაქეები ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ათწლეულებია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ ეკონომიკაში. პანდემიის პირობებში კი, ჩვენი კომპანიის როლი პრაქტიკულად შეუცვლელი აღმოჩნდა. გლობალური კრიზისის პირობებში, ერთგულად, ხარისხიანად და ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, ნებისმიერი და მათ შორის ჩვენი ავიაკომპანია ოპერირებს სპეციალური რეგულაციებით, რომელიც დადგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სახელმწიფოების მიერ.

საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების“ ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია „აირზენა“ ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიღაც „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მომსახურებოდა მას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას, იტყობინება, რომ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევენ შესაძლებლობას, გაემგზავროს საქართველოში.