გენერალურ პროკურატურაში აფგან მუხთარლი გამოიკითხა
გენერალურ პროკურატურაში აფგან მუხთარლი გამოიკითხა

გენერალურ პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თითქმის თერთმეტსაათიანი გამოკითხვა დასრულდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გენერალურ პროკურატურაში უფლებადამცველთან, არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად დილის 11 საათიდან იმყოფებოდა.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, მუხთარლიმ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამომძიებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა მოხდა თბილისში მისი დაკავების დროს. მისი თქმით, უკანონოდ გაიტაცეს, ბრძანების გამცემი კი, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო.

„სრული ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას, მათ შორის, ვარაუდები მომხდარ დანაშაულზე. ახლა გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს და გაარკვიოს ეს ვერსიები. მაქსიმალურად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. დანარჩენი გამოძიებაზეა. დიდი დროა გასული, მაგრამ ვფიქრობ, მაინც შესაძლებელია, გაიხსნას ეს დანაშაული. დავასახელე ის გვარები, ვისთანაც მქონდა პირადად შეხება და ვისგანაც მივიღე ინფორმაცია.

ვერსიებს გადამოწმება უკვე დამოკიდებულია გამოძიებაზე; იმაზე, რამდენად იქნება გამოძიება მონდომებული. ეს არ არის იმ კატეგორიის დანაშაული, რომ მისი გახსნა რთული იყოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აფგან მუხთარლიმ.