აფგან მუხთარლი - პროკურატურას დღეს მივცემ ჩვენებას, როგორ მოხდა ჩემი გატაცება, რა უძღოდა მას წინ, ვაჩვენებ გატაცების ადგილსაც
აფგან მუხთარლი - პროკურატურას დღეს მივცემ ჩვენებას, როგორ მოხდა ჩემი გატაცება, რა უძღოდა მას წინ, ვაჩვენებ გატაცების ადგილსაც

პროკურატურაში დღეს მივცემ ჩვენებას, თუ როგორ მოხდა ჩემი გატაცება და რა უძღოდა მას წინ, ვინ მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. მე ვიცი, ვინ იყო ორგანიზატორი აზერბაიჯანული მხრიდან, – ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით, რომ ქართველი კოლეგები სამი წლის განმავლობაში მიცავდნენ. მე ყოველდღიურად ვგრძნობდი, რომ ქართველი ჟურნალისტები ჩემს გვერდით არიან. ასევე, მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, იმ რთულ პერიოდში, როდესაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, უბრალოდ, ხალხი მათ მხარს უჭერდა. პროკურატურაში დღეს მივცემ ჩვენებას, თუ როგორ მოხდა ჩემი გატაცება და რა უძღოდა მას წინ, ვინ მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. მე ვიცი, ვინ იყო ორგანიზატორი აზერბაიჯანული მხრიდან. ასევე ვიცი, რომ ქართულ მხარეზე ეს იყო ორგანიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხში მდებარე საბაჟო პუნქტის უფროსის მიერ. მე ვაჩვენებ გატაცების ადგილს, ასევე იმას, თუ რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში და საიდან გადამცეს. გზის ნახევარს მე ვხედავდი თავზე ჩამოცმული ტომრის ნახვრეტებიდან“, – განაცხადა მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ გატაცებაში მონაწილეთა სახელები და გვარები არ იცის, თუმცა მათი ამოცნობა ფოტოებით შეუძლია.

„საქართველოს პროკურატურისგან განსაკუთრებულად დიდი მოლოდინები არ მაქვს, რადგან ეს საქმე ჩაიდინა საქართველის მთავრობამ, ამის შესახებ იცოდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, კვირიკაშვილი, ალბათ ამის შესახებ იცოდა ივანიშვილმა. ამიტომ, ქართული პროკურატურისგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. თუმცა, ბოლომდე უნდა მივიდეთ, უნდა მივცე ჩვენება. იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოს პროკურატურას წლის განმავლობაში უნდა მოვეწვიე თბილისში, უნდა მოეთხოვა ჩემგან დანაშაულის ადგილის ჩვენება და ინტერვიუ ჩამოერთმია, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ. ციხეში ჩემი ყოფნისას საქართველოს პროკურატურა აცხადებდა, რომ ჩემთან შეხვედრას აზერბაიჯანული მხარე კრძალავდა. ახლა კი მე ერთ წელზე მეტია თავისუფალი ვარ. რამდენიმე თვის წინ თბილისში ჩამოსვლა მინდოდა, თუმცა ბერლინიდან არ შემომიშვეს. ეს გააკეთა ქართულმა ავიაკომპანიამ, როდესაც ჩემი ბილეთი გააუქმა და პრაქტიკულად საქართველოსი არ შემიშვეს. ჩემმა ადვოკატებმა ამ საქმით ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართეს“, – განაცხადა მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში ჩამოვიდა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„მადლობელი ვართ ჟურნალისტების, ვინაიდან ჟურნალისტების აქტიურობამ ფაქტობრივად გამოიღო ის შედეგები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომ აფგანი არის თავისუფალი. იცით, რომ ევროსასამართლოში თავიდანვე ვაწარმოებდით საქმეს და დასრულებულია კომუნიკაცია, ველოდებით გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, რომ ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და სათანადოდ შეაფასებს იმ მოვლენებს, რომელიც 2017 წლის 29 მაისს განვითარდა. იცით, რომ აფგანი გაიტაცეს ქალაქის ცენტრიდან. მოგვიანებით, ის აღმოჩნდა აზერბაიჯანის ციხეში. მას მისჯილი ჰქონდა ექვსი წელი. აფგანი გათავისუფლდა დაახლოებით ერთი წლის წინ, დარჩენილი საპატიმრო სასჯელი შეეცვალა ჯარიმით ფორმალურად, მაგრამ ეს იყო თითოეული ჩვენგანის და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს დღემდე. ჩვენი ორგანიზაცია ვიცავთ მის ინტერესებს და მომავალშიც გავაგრძელებთ მისი ინტერესების დაცვას“, – განაცხადა ადვოკატმა.

აფგან მუხთარლის თქმით, თბილისში 10-15 დღით დარჩება.