არასრულწლოვანთა მკვლელობაზე 51-ე საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს
თბილისის 51-ე საჯარო სკოლა თანაუგრძნობს გარდაცვლილების ოჯახს და მათთან ერთად ჭირისუფალია ამ დიდი ტრაგედიისა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის 51-ე საჯარო სკოლის განცხადებაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობას ეხება.
„მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მოსწავლე და პედაგოგი ღრმად დამწუხრებულია, სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან შემთხვევის პირველივე წუთებიდან. ჩვენი დიდი ინტერესია, სწორად და სამართლიანად წარიმართოს პროცესები.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ჩვენი საყვარელი მოსწავლეების ოჯახებს, თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხორავას ქუჩაზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.