არასამთავრობოთა კოალიცია პარლამენტს სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს
არასამთავრობოთა კოალიცია პარლამენტს სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრები პარლამენტს სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებთან და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით ცვლილებები მოამზადა.

მათი შეფასებით, არსებული სისტემა საშუალებას იძლევა, სუბიექტური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.

„არსებული სისტემა საშუალებას აძლევს სასამართლოს გავლენიან ჯგუფებს, სათავისოდ გამოიყენოს და დასაჯოს მოსამართლეები, რომლებიც მათ არ მოსწონთ“, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

კოალიციის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, ინსპექტორის დამოუკიდებლობის ამაღლების მიზნით მისი არჩევა და გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ით უნდა მოხდეს, რაშიც არამოსამართლე წევრების ხმაც გადამწყვეტი იქნება. ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო კანონით უნდა განისაზღვროს, ხოლო ინსპექტორს მისი აპარატის წევრთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის უფლება მიენიჭოს. ინსპექტორს განესაზღვროს ინფორმაციის მოძიების სათანადო საშუალებები, რათა შესაძლო დისციპლინური გადაცდომის გამოკვლევა ეფექტიანად მოხდეს. ამავე ცვლილებებით, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექტორს საბჭოს თანხმობის გარეშე უნდა შეეძლოს პროკურატურისთვის მიმართვა. რაც შეეხება დისციპლინურ გადაცდომებს, ნათლად უნდა განისაზღვროს ეთიკის კოდექსის ის ნორმები, რომელთა დარღვევაც დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება. დადგინდეს სტანდარტი რა მიიჩნევა მოსამართლისთვის შეუფერებელ ქმედებად. მოსამართლესთან აკრძალული კომუნიკაციის შემთხვევაში, მოსამართლის მიერ სათანადო პირისათვის ინფორმაციის შეუტყობინებლობა უნდა განისაზღვროს დისციპლინირების საფუძვლად დისციპლინური სამართალწარმოების კანონის მე-2 მუხლში.