არასამთავრობოთა ინფორმაციით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცედურები ყველაზე ხშირად  თბილისსა და იმერეთში მცხოვრებმა ადამიანებმა დაარღვიეს
არასამთავრობოთა ინფორმაციით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცედურები ყველაზე ხშირად  თბილისსა და იმერეთში მცხოვრებმა ადამიანებმა დაარღვიეს

თბილისი და იმერეთი არის ის რეგიონები, სადაც ყველაზე მაღალია პროცენტი იმ ადამიანების, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზო მიმოსვლის პროცედურები, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასარულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა განაცხადა.

დევდარიანმა კომენტარი გააკეთა უვიზოდ მიმოსვლის შვიდ თვის მონაცემების შეჯამების შემდეგ. მისი თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლით ბევრი ადამიანი სარგებლობს, თუმცა დასაფიქრებელია მონაცემები იმ ადამიანებისა, რომლებმაც დაარღვიეს უვიზოდ ქვეყანაში ყოფნის პროცედურები.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამრღვევთა რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ საინფორმაციო კამპანიები ვაწარმოოთ, მათ შორის იმ რეგიონებში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სამწუხაროდ შესაძლოა, უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს”, – განაცხადა დევდარიანმა.

მისივე თქმით, მოსახლეობას კარგად უნდა განემარტოს, რომ სხვა ქვეყანაში დარჩენით პრობლემები ექმნებათ მათაც და საქართველოსაც.

“ყოველთვიური ანალიზი არ არსებობს, თუმცა მოლდოვაში, მაგალითად, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა და უკან არ დაბრუნდა იყო 16%,  ჩვენთან არის 6%, ანუ შედარება გვაძლევს საფუძველს ითქვას, რომ მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ დამრღვევთა სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ. გამოიკვეთა, რომ თბილისი და იმერეთი არის ის რეგიონები, სადაც ყველაზე მაღალია პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზო მიმოსვლის პროცედურები”, – აღნიშნა დევდარიანმა.

 

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილება შეჯამდა.