არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი - მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი დანაკარგისა და არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტაზე თანხმობა გავეცი
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი - მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი დანაკარგისა და არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტაზე თანხმობა გავეცი

არსებული მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი ადამიანური დანაკარგისა და არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობა გავეცი, – ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად განვიხილავდით ჩვენს ქმედებებს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. ამ თემაზე ვიმსჯელე არცახის ეროვნულ კრებასთანაც და სრული თანხმობა მივიღე. არსებული მძიმე მდგომარეობის, სამომავლოდ დიდი ადამიანური დანაკარგისა და არცახის სრული დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობა გავეცი. ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ დაღუპულთა ოჯახის წევრების და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩვენ კიდევ გვექნება დრო ჩვენი დაღუპული გმირების ნათესავებთან დიალოგისთვის“, – აცხადებს არუთუნიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.