ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მთიან ყარაბაღში მათი დარჩენა შეუძლებელია
ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მთიან ყარაბაღში მათი დარჩენა შეუძლებელია

მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ჩვენი თანამემამულეების მთიან ყარაბაღში დარჩენა შეუძლებელია, ანუ არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, თუ ყარაბაღში არსებული ვითარება არ გამოსწორდება, ეთნიკური სომხების სომხეთის ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში დადგება.

„სომხეთში ხალხის შესაძლო შემოდინების შემთხვევისთვის მომზადდა 40 000-ზე მეტი ადგილი. საუბარია საცხოვრებელ ადგილებზე, ასევე ჯანდაცვასა და კვებაზე. ეს არის კოორდინირებული პოზიცია მთიანი ყარაბაღის პარტნიორებთან. ჩვენი პირველი გეგმაა, არ გავიყვანოთ სომხები მთიანი ყარაბაღიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

21 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაცია უნდა იყოს მესამე გეგმა და არა – პირველი ან მეორე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ სომხეთი ეთნიკურ წმენდას საკუთარი ხელით ახორციელებს, რითიც აზერბაიჯანს ართმევს პასუხისმგებლობას.