აქციის სპიკერი ირაკლი ფოცხვერაშვილი - ვინც დღევანდელ აქციაზე არ მოვიდა, იმაზე ფიქრობთ, მე რა მაცვია, ვინ ვისთან წევს ლოგინში, ერთმანეთს უძვრებით ოთახში, ამით ერთობით [ვიდეო]
ვინც დღევანდელ აქციაზე არ მოვიდა, არ გაიზიარა ზაზა სარალიძის ტკივილი, იმაზე ფიქრობთ, მე რა მაცვია, ვინ ვისთან წევს ლოგინში, ერთმანეთს უძვრებით ოთახში, ამით ერთობით,- ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის სპიკერმა, ირაკლი ფოცხვერაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, ჩვენი აქცენტი ერთი საკითხისკენ მივმართოთ. მაგალითად, ახლა სოციალურ ქსელებში ვინც არის, არ ადგა, არ გამოვიდა და არ გაიზიარა ზაზას ტკივილი, დგას და კომენტარებში ბრტყელ-ბრტყელებს ისვრის, რომ თურმე ჩვენ რანაირები და როგორები ვართ. იმაზე კი არ ფიქრობენ, რატომ ვართ შეყრილი, იმაზე ფიქრობენ, მე რა მაცვია და როგორ მაცვია, იმაზე ფიქრობთ, ვინ ვისთან წევს ლოგინში, ერთმანეთს უძვრებით ოთახში, ამით ერთობით. რატომ ვართ ჩამორჩენილები მსოფლიოში? დახედეთ დღეს რუკაზე ვინ ვართ, ვინ ვართ ჩვენ? დღეს ვინ ვართ, რანი ვართ? მეფეები, სისხლისღვრა, ქართველი, წილხვედრი, ათონი, გოლგოთა, ჯვარცმული, ილია, ვაჟა, გალაკტიონი, დღეს ვინ ვართ, დღეს? რატომ ვართ რუკაზე ასე სუსტები, რიცხვის გამო? სამმილიონნახევარი რომ ვართ? ისრაელიც ცოტაა, დანიაც რიცხობრივად ცოტაა. რატომ არიან ისინი კარგად, ეს დუხჭირი რატომ გვჭირს? არის ამის პასუხი, გეტყვით, თუ საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო მიგვაჩნდა, ვიღაცის სახელმწიფოა და უნდა გამოხრა ბიუჯეტიდან, დღეს ჭამენ და ხრავენ. იმას ვერ იაზრებენ, რომ ეს ჩვენია, ჩვენი შვილების მომავალს ვხრავთ, საცოლეს საკაბეს ვპარავთ. რუკაზე დახედე, დღეს ვინ ხარ, რა მნიშვნელობა აქვს გუშინ აღმაშენებელმა რა ომი მოიგო?!“,- განაცხადა ფოცხვერაშვილმა.