საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირია დაკავებული
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირია დაკავებული

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ადამიანი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას შელაპარაკება მოუვიდა აქციის მონაწილეებთან.

„დაკავებულია ორი პიროვნება, ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც სავარაუდოდ, იმყოფებოდა ნასვამ  მდგომარეობაში, აქციის მონაწილეებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციელები შეეცადნენ ტერიტორიიდან მის გამოყვანას. აქციის მონაწილეებიც აყენებდნენ მას შეურაცხყოფას. ორი ადამიანის დაკავება მოხდა ჩვენ მიერ, ორივე გადაყვანილია საპატრულო პოლიციის შენობაში”, – განაცხადა კუპატაძემ.

მისივე თქმით, დაკავებულები არიან 173-ე და 166-ე ადმინისტრაციული წესით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.