აქციების საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
აქციების საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

მაშინ როდესაც მომხდარზე პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს სხვების პასუხისმგებლობაზე ისაუბროს, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.

მათი განცხადებით, სახელმწიფომ პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის მიმართ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ სამართლისა და მართლმსაჯულების რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება და შეეგუოს, რომ განსხვავებული აზრი, კრიტიკა, თუნდაც მწვავე, ხშირად მისთვის აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელიც კი, დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია; მაშინ როდესაც მომხდარზე პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს სხვების პასუხისმგებლობაზე ისაუბროს.

ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში კონსტიტუციები არა მინისტრების და შენობების, არამედ ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ამიტომ, თუ ამ ქვეყანაში რამე საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს, ეს სწორედ ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე გამოცხადებული ნადირობის სეზონია.

კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის შესახებ ქართველი ხალხის მიერ საჯაროდ გაცხადებული ნება უბრალო და უმოქმედო ტექსტად რჩება, როცა ხელისუფლება ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გავრილოვი სიმბოლოდ იქცა იმ შეფუთული პრორუსული პოლიტიკის, რომელმაც ჩვენი ღირსეული, თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანა.

სახელმწიფომ პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის მიმართ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლოები არ უნდა მოქმედებდნენ კონვეიერულად, საბჭოთა სასამართლოს ტრადიციათა დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდებოდა 21 ივნისს, დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისას;

სახელმწიფომ ყველა პირის მიმართ უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრეზუმფციის დაცვითა და პატივისცემით. ადამიანთა დაკავება და დაპატიმრება უნდა იყოს ხელისუფლების არა თვითმიზანი, რაც სადამსჯელო ელემენტებს მოიცავს, არამედ უკიდურესი აუცილებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებლად იქნება მიჩნეული მართლმსაჯულების განხორციელება;

ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაზიანებულ ჟურნალისტს, ასობით დაშავებულ მოქალაქეს, რომელთა ნაწილს მთელი ცხოვრება დაღად დარჩებათ ქართული პოლიციის იარაღებიდან ნასროლი ტყვიების კვალი და გიორგი გახარიას გადაყენებით შეეცადოს ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოს ის ლაქა, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელით დარჩება საქართველოს ისტორიაში!“ – აღნიშნულია განცხადებაში.