„აპოკალიფსის მყინვარის“ ქვეშ თავს იყრის თბილი წყალი, რომელიც მას კიდევ უფრო სწრაფად ადნობს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარის“ ქვეშ თბილის წყლის თავმოყრა საფრთხეს უქმნის იმ საყრდენებს, რომლებზეც ეს მყინვარი დგას.
ტუეიტსის მყინვარის ენის ქვეშ პირველად ჩატარებულმა გაზომვებმა აღმოსავლეთის თბილი წყლის აქამდე უცნობი დინება გამოავლინა.
მკვლევართა განცხადებით, სითბოს ეს დინება მყინვარის ქვეშ არსებულ სხვა წყალს ერევა ურტყამს რამდენიმე კრიტიკულ „საყრდენ წერტილს“, რომლებსაც ყოველი მხრიდან ადნობს.
თუ ეს აქტივობა ასე გაგრძელდა ან უარეს შემთხვევაში დაჩქარდა, ჯგუფი შიშობს, რომ მას შეიძლება საბოლოოდ გამოეყოს ხმელეთზე წარმოქმნილი ყინულის დიდი ოდენობა, რომელიც კუნძულ პაინის უბეში ზღვის ფსკერზე მიცურავს.
ტუეიტსის მყინვარს მეტსახელად „აპოკალიფსის მყინვარი“ უწოდეს, რადგან ის ზედმეტად დიდია — მოიცავს 192 000 კვადრატულ კილომეტრს და საგანგაშო მაჩვენებლით დნება. შედეგად, დასავლეთ ანტარქტიდის მყინვარული საფარის მომავალი საკმაოდ დიდ ხიფათს უქმნის ზღვის დონის მატებას.
იმის გამო, რომ ეს მყინვარი ძალიან მიუდგომელ ადგილას არის და რეგიონის გარემო პირობებიც სახიფათოა, მისი ყინულის შელფის კიდეებზე ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე გაზომვაა ჩატარებული, მაგრამ არც ერთი ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული ქვეშ არსებულ ღრმულში.
„კარგი ამბავი ის არის, რომ პირველად შევძელით იმ მონაცემების აღება, რომლებიც ძლიერ საჭიროა ტუეიტსის მყინვარის დინამიკის მოდელირებისთვის“, — ამბობს შვედეთის გიოტებორგის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფი ანა ვაჰლინი.
მისივე განცხადებით, ეს მონაცემები დაგვეხმარება მომავალში ყინულის დნობის უკეთ დაანგარიშებისთვის. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით კი შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მოდელები და შევამციროთ ის დიდი გაურკვევლობა, რომელიც თან ახლავს გლობალური ზღვის დონის ცვალებადობის საკითხს.
ინფორმაცია შეაგროვა წყალქვეშა მოწყობილობამ, სახელად Ran, რომელიც სქელი ყინულის ქვეშ ჩადის და ზომავს მის სიმტკიცეს, ტემპერატურას, მარილიანობას და ჟანგბადის შემცველობას იქ არსებულ ოკეანურ დინებებში.
პროგრამა იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერები იმედოვნებდნენ, მაგრამ მონაცემები არც ისე იმედისმომცემია.
ამჟამად, ტუეიტსის მყინვარს 10-პროცენტიანი წვლილი შეაქვს ზღვის დონის მატებაში, მაგრამ იმის გამო, რომ მის ქვეშ თავს იყრის თბილი და მლაშე წყალი, ამ პროცესში მან შეიძლება გაცილებით დიდი წვლილი შეიტანოს პლანეტის გათბობასთან ერთად. ზუსტად ისე, როგორც ღვინის ბოთლს მოვხსნათ საცობი, ამ შელფური მყინვარის დაკარგვა ხმელეთზე კიდევ უფრო მეტი ყინულის დნობას და ოკეანეში ჩადინებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, მკვლევრებმა გამოავლინეს თბილი წყლის სამი შედინება, რომელთაგან ერთსაც აქამდე სათანადოდ ვერ ვაფასებდით. მიიჩნეოდა, რომ აღმოსავლეთიდან წამოსულ ღრმაწყლოვან დინებებს ახლომდებარე წყალქვეშა ქედი ბლოკავდა, მაგრამ როგორც Ran-ის ახალი მონაცემები მიუთითებს, ეს ღრმა დინებები უბეში შესვლის გზას მაინც ნახულობენ.
„ის, რომ თბილი წყლის არხები ტუეიტსს აღწევდა და ურტყამდა, ამ კვლევამდე ჩვენთვის ცნობილი არ იყო“, — ამბობს სამხრეთ ფლორდის უნივერსიტეტის გეოლოგიური ოკეანოგრაფი ალასტაირ გრეჰამი.
მისივე განცხადებით, მოწყობილობაზე დამონტაჟებული ჰიდროლოკატორების გამოყენებით აღმოაჩინეს, რომ არსებობს განსხვავებული გზები, რომლებითაც წყალი შელფური მყინვარის სიღრუეში შედის და გადის, რაზეც გავლენას ახდენს ოკეანის ფსკერის გეომეტრია.
საბოლოო ჯამში ეს იმას ნიშნავს, რომ თბილი, მლაშე წყალი სიღრუეში ტუეიტსის შელფური მყინვარის ქვეშიდან შედის, მისი ჩრდილოეთ მთავარი საყრდენი წერტილის ორივე მხრიდან და სავარაუდოდ, ახდენს მთლიანი სტრუქტურის დესტაბილიზაციას.
ჯერჯერობით უცნობია, რა წვლილი შეაქვს ამ სითბოს ამ მთავარი საყრდენი წერტილის დნობაში, მაგრამ კვლევის ავტორები პროგნოზირებენ, რომ მხოლოდ ერთი ადგილობრივი დინების მიერ ტრანსპორტირებული ენერგიაც საკმარისია ზემოთ არსებული ყინულის წელიწადში 85 გიგატონის მაჩვენებლით დნობისთვის.
ეს კი 2010-2018 წლებში ტუეიტსის საძირკვლის მთლიანი დნობის მაჩვენებელს უდრის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თბილი წყლის შედინება სავარაუდოდ გავლენას ახდენს მთლიანი სისტემის დნობის მახასიათებელზე.
„ეს საყრდენი წერტილი ერთ-ერთი უკანასკნელი საბჯენია, რომელიც ზემო წელში ყინულის დინებას ზღუდავს; თანამგზავრული დაკვირვებები მიუთითებს, რომ მისი მოცულობა გასულ ათწლეულებში შემცირებულია“, — წერენ ავტორები.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.