ანტივაქცინაციის კამპანიის გამო, ევროპაში წითელამ წელს 37 ადამიანი იმსხვერპლა
ანტივაქცინაციის კამპანიის გამო, ევროპაში წითელამ წელს 37 ადამიანი იმსხვერპლა

ევროპაში წითელას ეპიდემიაა, რასაც უკვე დიდი მსხვერპლიც მოჰყვა. 2018 წლის პირველ ექვს თვეში, დაფიქსირდა ამ ადვილად პრევენცირებადი ვირუსული ინფექციის 41 000 შემთხვევა.

ექვსთვიან პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებელი უდიდესია 2010 წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, მთელი 12 თვის განმავლობაში, გამოვლინდა წითელას 23 927 შემთხვევა. წელს დაავადებამ უკვე იმსხვერპლა 37 ადამიანის სიცოცხლე. ამერიკელ ექსპერტთა განცხადებით, იგივე ემუქრება აშშ-საც, თუკი მშობლები ბავშვებს ვაქცინაციას არ ჩაუტარებენ.

იტალიის პედიატრთა საზოგადოების პრეზიდენტის, ალბერტო ვილანის განცხადებით, სიტუაცია ძალიან სერიოზულია, რადგან ადამიანები კვდებიან წითელათი, რაც 5-10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო.

ცალსახაა, რომ ეპიდემიის ასეთი სიმკაცრის მიზეზი ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირებაა. ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ მოსახლეობის 95 პროცენტი აიცრას წითელას, ყბაყურისა და წითურის ვაქცინის ორი დოზით აიცრას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ევროპის ზოგიერთ ნაწილში, ვაქცინაციის მაჩვენებელი 70 პროცენტზე დაბალია.

ევროკომისიის წარმომადგენლის, ენკა პადურარუს განცხადებით, ეპიდემიის მიზეზი სწორედ ეს ფაქტორია. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ 21-ე საუკუნეში არსებობდეს დაავადება, რომელიც კაცობრიობამ დიდი ხნის წინ დაამარცხა.

წითელას გავრცელება იზრდება აშშ-შიც. ბოლო პერიოდში, ეპიდემიები დაფიქსირდა მინესოტის შტატსა და ნიუ-იორკში.

შარშან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აშშ-ში წითელას ეპიდემიების ოდენობის ზრდა დააფიქსირა. აღმოჩნდა, რომ ახალი შემთხვევების 70 პროცენტი აუცრელ პაციენტებში ხდებოდა.

ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ანტივაქცინაციური მოძრაობა, რაც ნაწილობრივ 1998 წლის თაღლითური კვლევის დამსახურებაა, რომელიც ყოფილმა ექიმმა ენდრიუ ვეიკფილდმა ჩაატარა. დანაშაულისთვის მას ბრიტანეთის სამედიცინო ლიცენზიაც ჩამოართვეს.

ვეიკფილდის კვლევა განზრახ გაყალბებულ შედეგებს იყენებდა, რათა მოტყუების გზით ხალხი დაერწმუნებინა, რომ არსებობდა კავშირი MMR ვაქცინასა და აუტიზმს შორის. ვეიკფილდის მიზანი კონკურენტის ჩაძირვა იყო, რადგან ალტერნატიული ვაქცინა მასაც (ვეიკფილდს) ჰქონდა დაპატენტებული.

მართალია, შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა, რომ არ არსებობს არანაირი კავშირი ვაქცინასა და აუტიზმს შორის, მაგრამ ვეიკფილდის ყალბი კვლევის ბევრს დღესაც სჯერა და უარს აცხადებენ შვილების ვაქცინაციაზე.

აშშ-ში წითელა ამოძირკვულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევები სათავეს ქვეყნის შიგნით არ იღებს და სხვა ქვეყნებიდან არის იმპორტირებული. მაგალითად, დადგინდა, რომ ბოლოდრინდელი შემთხვევები აუცრელმა ტურისტებმა შეიტანეს ევროპიდან და ისრაელიდან.

2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ მიმართული ძალისხმევა არაადეკვატურად მცირე იყო ანტივაქცინაციურ კამპანიასთან შედარებით. ანტისამეცნიერო შეტყობინებების გასავრცელებლად, ეს ჯგუფი აქტიურად იყენებს ინტერნეტს.

ეს შეტყობინებები კი იმაზე მეტად სახიფათოა, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით ფიქრობდეთ — საზოგადოების მხოლოდ ხუთი პროცენტის მიერ ვაქცინაციაზე უარის თქმას შეუძლია, არაპროპორციული ეფექტი ჰქონდეს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და წითელას წლიური შემთხვევები გაასამმაგოს.

წითელა საშინლად ინფექციურია და პოტენციურად მომაკვდინებელი, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის. 2016 წელს, წითელამ მსოფლიოში 89 780 ადამიანი მოკლა, მათი უმეტესობა 5 წლამდე ბავშვი იყო.

წითელას ვაქცინა (MMR) 1963 წელს გამოიგონეს. მანამდე, აშშ-ში ამ დაავადებით წელიწადში 300-700 ადამიანი კვდებოდა.

„ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ეს დაავადება კვლავაც არსებობს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ შვილებს წითელას მენინგიტის, ენცეფალიტისა და ტვინის სამუდამოდ დაზიანების რისკის ქვეშ აყენებენ“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი ჯეფრი კლაუსნერი.

მომზადებულია nbcnews.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.