ერთ დროს მომაკვდინებელი ქუნთრუშა მთელ მსოფლიოში ახალი ძალებით ბრუნდება
ერთ დროს მომაკვდინებელი ქუნთრუშა მთელ მსოფლიოში ახალი ძალებით ბრუნდება

ათწლეულები გავიდა, რაც ეს დაავადება თითქმის დამარცხდა, მაგრამ გაერთიანებულ სამეფოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ქუნთრუშას შემთხვევებმა კვლავ იმატა. მედიკოსები მიზეზების გარკვევას ცდილობენ.

2014 წლიდან, ინფექციამ მუდმივი გავრცელება დაიწყო და უკვე 2016 წლისთვის, 620 კერაში დაფიქსირდა დაავადების 19 000-ზე მეტი შემთხვევა, ძირითადად სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. 2011 წელთან შედარებით, მაჩვენებელი შვიდჯერაა გაზრდილი.

ქუნთრუშა, იგივე სკარლეტის ცხელება ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც A ჯგუფის სტრეპტოკოკები იწვევს. ხასიათდება ჩიქროვანი ყელით, ცხელებით, თავის ტკივილით, შესიებული ლიმფური კვანძებით, „მარწყვი ენითა“ და გამონაყარით.

სიმპტომები შეიძლება არც ისე საშინლად ჩანდეს, მაგრამ მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში, მხოლოდ ინგლისსა და უელსში 36 000 ადამიანის რეგისტრირებული სიკვდილის მიზეზი გახდა, საგრძნობლად გაზარდა ბავშვთა სიკვდილიანობაც.

არ არსებობს ქუნთრუშას ვაქცინა. მკურნალობა საკმაოდ მარტივია ანტიბიოტიკების კურსით. 1945 წლის შემდეგ, სწორედ ანტიბიოტიკების საშუალებით მოხერხდა ამ დაავადების შესუსტება განვითარებულ ქვეყნებში.

ბაქტერიული ინფექციის კვლავ აღორძინების ყველაზე სარწმუნო მიზეზი უნდა იყოს დაავადების ახალი შტამი, რომელიც უფრო ადვილად ვრცელდება; ასევე შესაძლებელ ფაქტორად მიიჩნეოდა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა, მაგრამ მოლეკულურმა გენეტიკურმა ანალიზებმა ეს უკანასკნელი გამორიცხა.

სანაცვლოდ, ტესტებმა აჩვენა ბაქტერიის უკვე ფესვგადგმული შტამები, რამაც მკვლევრებს შესაძლო მიზეზთა ძებნის გაგრძელება აიძულა.

ამასობაში, როგორც 2016 წლის სტატისტიკა მიუთითებს, ყოველ 100 000 ადამიანზე ფიქსირდება დაავადების 33,2 შემთხვევა; მათ შორის, 40-დან 1 შემთხვევაში საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია.

საერთო ჯამში, დაფიქსირებულია 19 206 შემთხვევა — უმაღლესი რიცხვი 1967 წლის შემდეგ და განსაცვიფრებელი ზრდა 2013 წლის შემდეგ, როცა მხოლოდ 4 643 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ექიმები საზოგადოებას აფრთხილებენ ყურადღებით იყვნენ სიმპტომებთან მიმართებაში მანამ, სანამ ისინი გამოსავალს ეძებენ.

„მართალია, ამჟამინდელი მაჩვენებლები ახლოსაც არაა ადრეული 1900-იანი წლების მაჩვენებელთან, მაგრამ ბოლო პერიოდის აღმავლობის მასშტაბი უფრო დიდია, ვიდრე გასული საუკუნის რომელიმე დოკუმენტირებული შემთხვევები“, — ამბობს კვლევის ავტორი, ეპიდემიოლოგი ტერეზა ლამაგნი.

„2017 წლის შეტყობინებები რიცხვების ოდნავ ზრდაზე მიუთითებს და შესაბამისად, სიტუაციის მონიტორინგს ფრთხილად ვაგრძელებთ. მოვუწოდებთ მშობლებს, ფრთხილად იყვნენ ქუნთრუშას სიმპტომებთან მიმართებაში“.

ეპიდემიის გავრცელება ასევე დაფიქსირდა ჩინეთში, ვიეტნამში, სამხრეთ კორეასა და ჰონგ-კონგში, მაგრამ ანალიზებმა ძალიან მცირე საერთო გენეტიკური ელემენტები დააფიქსირა.

მკვლევართა თქმით, აზიისა და გაერთიანებული სამეფოს ეპიდემიებს შორის აშკარა კავშირი არ არსებობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კავშირის შესაძლებლობა მთლიანად გამოირიცხოს.

„ჰიპოთეზებს შორისაა ქუნთრუშას გამომწვევი გენების მიღება S pyogenes-ის პოპულაციაში, ადამიანების იმუნიტეტის სტატუსის ცვლილება, გარემოს ცვლილება და ამ დრომდე უცნობი და პოტენციურად ახალი ინფექციური აგენტი, რომელიც მასპინძელს დაავადებაზე იყოლიებს“, — წერენ კვინზლენდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგები, მარკ ულკერი და სტივენ ბროუვერი.

„ქუნთრუშას აღორძინების მიზეზთა უკეთ დასადგენად, დამატებითი კვლევებია საჭირო. მანამდე კი, საჭიროა გლობალური ყურადღება“.

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი