პაატა იმნაძე - რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბარი იმუნიზაციის დასრულების შემდეგ შეგვიძლია
პაატა იმნაძე - რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბარი იმუნიზაციის დასრულების შემდეგ შეგვიძლია

რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბარი იმუნიზაციის დასრულების შემდეგ შეგვიძლია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეები ელემენტარულ რეგულაციებს არ დაიცავენ, იგივე მდგომარეობა იქნება, რაც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში.

„იმუნიზაციის დაწყება არაფერ კავშირშია რეგულაციების შესუსტებასთან. იმუნიზაციის დამთავრების მერე შეგვიძლია, ვილაპარაკოთ რეგულაციების შემსუბუქებაზე. ეს კარგად ჩანს იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც უკვე აცრილია მოსახლეობის საკმაო რაოდენობა.

ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი სიტუაცია, როგორიც გვქონდა სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში. ბოლო 2-3 კვირაა, საბედნიეროდ მნიშვნელოვანი არა, მაგრამ შემთხვევების მატება გვაქვს. თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა ოქტომბერში, როცა გაგვიოთხმაგდა შემთხვევები და რა მოხდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ამის საშიშროების წინაშე ვდგავართ, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეგულაციებს, რაც არის დღეისთვის მოქმედი. ეს არის დისტანცია, პირბადე და თავის არიდება სუფრებისთვის. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ეპიდაფეთქებები, რომელიც დაკავშირებულია სუფრებთან. საკუთარ შეცდომებზე ხომ უნდა ვისწავლოთ?“,- განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, იმუნიზაცია შედეგს გამოიღებს, როცა იგი დასრულდება. როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ეს მოხდება დაახლოებით შემოდგომის ბოლოს, რომ ზამთრისთვის მოსახლეობის უმრავლესობა იყოს იმუნური.

„ვაქცინები იქნება სხვადასხვანაირი, მთავარია, რომ ის ვაქცინები, რომელიც იქნება ქვეყანაში, იყოს სათანადო აღიარების და მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება იყოს დადასტურებული. მთავარი იქნება ვაქცინაციის დასრულება, რათა მოსახლეობის იმუნური ფენა შეიქმნას.

ჩინური ვაქცინა უკვე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარების პროცესში. მოლაპარაკებები არამარტო „ფაიზერთან“, „ნოვავაქსთანაც“ მიდის. სამწუხაროდ ეს რაოდენობები შესაძლებელი იქნება წლის მეორე ნახევარში. ვაქცინების ომია პრაქტიკულად, რადგან იმ ქვეყნებსაც არ ჰყოფნით, რომლებიც აწარმოებენ. აქედან გამომდინარე, შეზღუდულია რაოდენობა. ნეტავ, ჯერ ის აგვათვისებინა, რაც გვაქვს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.