ზვიად შალამბერიძე - ეპიდემიის დასაწყისში კოვიდის მართვა იმერეთის რეგიონის ორ კლინიკაში ხდებოდა, დღეს მათ რიცხვს ქუთაისში ჯანდაცვის სამი დაწესებულება შეემატა
ზვიად შალამბერიძე - ეპიდემიის დასაწყისში კოვიდის მართვა იმერეთის რეგიონის ორ კლინიკაში ხდებოდა, დღეს მათ რიცხვს ქუთაისში ჯანდაცვის სამი დაწესებულება შეემატა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა.

ზვიად შალამბერიძის თქმით, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს მართავენ.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწრაფად და ეფექტურად მუშაობა პანდემიის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად გვაქვს. თუ ეპიდემიის დასაწყისში კოვიდის მართვა ხდებოდა რეგიონის მხოლოდ ორ კლინიკაში, დღეს მათ რიცხვს ქუთაისში არსებული კიდევ სამი ჯანდაცვის დაწესებულება: ო.ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და კლინიკა „ბომონდი“ შეემატა. დღეისთვის, აღნიშნული დაწესებულებები კოვიდის მართვაში აქტიურად ჩაერთნენ და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისთვის მომზადებულია 300-მდე საწოლი. ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები იმერეთის გარდა მოემსახურებიან სხვა რეგიონებსაც“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისში ასევე, მზადყოფნაშია ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით, საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევს პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმებით.

დატოვე კომენტარი