მეცნიერები მას აპოკალიფსის მყინვარს უწოდებენ. იმიტომ, რომ ბრიტანეთის ზომის ტუეიტსის მყინვარი დასავლეთ ანტარქტიდაზე, შემაშფოთებელი სისწრაფით დნება. წელიწადში ის დაახლოებით 800 მეტრით იხევს უკან. მეცნიერთა ვარაუდით, ეს მყინვარი მთელ თავის ყინულს 200-600 წელიწადში დაკარგავს. შედეგად, მისი ნადნობი წყალი ზღვის დონეს დაახლოებით ნახევარი მეტრით ასწევს მაღლა.
თუმცა, ზღვის დონის მატება ამით არ შეჩერდება. ტუეიტსის ზედმეტსახელი ძირითადად იმ მოვლენებიდან მომდინარეობს, რაც ჩვენს პლანეტაზე მისი დადნობის შემდეგ მოხდება.
ამჟამად, ეს მყინვარი ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს თბობად ზღვასა და სხვა მყინვარებს შორის. მისმა კოლაფსმა შეიძლება, ახლომდებარე ყინულის მასების ჩანგრევაც გამოიწვიოს. ჯამში, ეს პროცესი ზღვის დონეს დაახლოებით სამი მეტრით ასწევს, რის გამოც სამუდამოდ ჩაიძირება მრავალი სანაპირო ქალაქი, მათ შორის ნიუ-იორკი, მაიამი და მთლიანი ნიდერლანდები.
„უზარმაზარი ცვლილებაა, ხელახლა დაწერს მთელი სანაპირო ხაზის გეოგრაფიას“, — ამბობდა თებერვალში ნიო-იორკის უნივერსიტეტის ატმოსფერულ მეცნიერებათა პროფესორი დევიდ ჰოლანდი, რომელიც ტუეიტსის მყინვარის საერთაშორისო კოლაბორაციის პროექტშია ჩართული.
ამ საგანგაშო სურათს ამ თვეში დამატებითი დეტალი შესძინა ორმა ახალმა კვლევამ. წინა კვირაში ჟურნალ Cryosphere-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოკეანის თბილი დინებები ტუეიტსის მყინვარს შეიძლება, ქვემოდან ჭამდეს.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ კი თანამგზავრული ფოტოების გამოყენებით დაადგინა, რომ ტუეიტსის სექციები და მისი მეზობელი — კუნძულ პაინის მყინვარი, იმაზე სწრაფად იმსხვრევა, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ქვემოთ მოცემულ ფოტოებში ხედავთ, რა ხდება ტუეიტსისა და ახლომდებარე მყინვართა თავს და რა შეიძლება მოხდეს მომავალში.
ტუეიტსისა და კუნძულ პაინის მყინვართა დნობაზე უკვე მოდის ზღვის დონის ამჟამინდელი მატების ხუთი პროცენტი.
არა მხოლოდ ტუეიტსი — ანტარქტიდის მყინვარული საფარი ახლა ექვსჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 1980-იან წლებში. ის წელიწადში 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს, მაშინ, როცა 40 წლის წინ წლიურად 40 მილიარდ ტონას კარგავდა.
მეცნიერთა შეფასებით, ანტარქტიდის მყინვარული საფარის მთლიანად გადნობის შემთხვევაში, ზღვის დონემ შეიძლება 60 მეტრით აიწიოს.
ფოტოზე ხედავთ ტუეიტსის მყინვარის დაშლას წლების განმავლობაში.
ახალი კვლევის მიხედვით, ასეთი სწრაფი დნობის ნაწილობრივი მიზეზი ის არის, დაიშალა რომ ტუეიტსისა და კუნძულ პაინის მყინვართა დამჭერი ბუფერები.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ ნაპრალებს კუნძულ პაინის მყინვარში. ისინი მყინვარის ჭრის კიდეებთან წარმოიქმნება — ზონებში, სადაც სწრაფად მოძრავი მყინვარის ყინული ხვდება ნელა მოძრავ ყინულს ან კლდოვან ქანს, რომელიც მას აკავებს.
ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კუნძულ პაინისა და ტუეიტსის მყინვართა ჭრის კიდეები სისტდება და იმსხვრევა, რაც ყინულის ოკეანეში შედინებას იწვევს.
ტუეიტსის მყინვარის დნობა იმდენად საშიშია, რომ აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ მის შესასწავლად საერთაშორისო სააგენტო შექმნეს.
ამ ორგანიზაციას ტუეიტსის მყინვარის საერთაშორისო კოლაბორაცია ჰქვია და მყინვარს ყინულმჭრელი გემებით სწავლობს, რომლებსაც ყინულის სქელ ფენებში გავლა შეუძლიათ.
2019 წელს, ნასას რადარით მკვლევრებმა ტუეიტსის მყინვარის ქვეშ მკვლევრებმა უზარმაზარი სიცარიელე აღმოაჩინეს, რომელიც ერთ დროს 14 მილიარდი ტონა ყინულით უნდა ყოფილიყო ამოვსებული.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ხედავთ, როგორ მოძრაობს თბილი წყალქვეშა დინებები მყინვარის ქვეშ და ნელა ადნობს მას ძირიდან.
როდესაც ყინულის ფენები ქვემოდან დნება, კარგავენ სტრუქტურასაც, რაც მათ უფრო სწრაფ დნობას, დაშლას და ოკეანეში შეცურებას იწვევს. სწორედ ეს ხდება ახლა ტუეიტსის თავს.
მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ კუნძულ პაინის მყინვარმა გასული ექვსი წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესის ზომის ტერიტორია დაკარგა,
„ვხედავთ პირველ ნიშნებს, რომ კუნძულ პაინის მყინვარული შელფი უჩინარდება. ამ ზიანის ანაზღაურება ურთულესი იქნება“, — უთხრა PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორმა სტეფ ლერმიტმა Washington Post-ს.
2018 წლის კვლევის მიხედით, 2050 წლისთვის, ზღვის დონის მატებამ შეიძლება დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი დააზარალოს.
C40 ქალაქების კლიმატური ქსელის მოხსენების მიხედვით კი, ზღვის დონის მატებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას 470 მილიონი ადამიანის ენერგომომარაგებსა და რეგულარულად ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში ცხოვრება მოუწიოს 1,6 მილიარდამდე ადამიანს.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.