ანტარქტიდაზე უზარმაზარი კოსმოსური ქვა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდაზე უზარმაზარი კოსმოსური ქვა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მეტეორიტებზე სანადიროდ ანტარქტიდა ფრიად კარგი ადგილია. მუქი ქვები ყინულოვან ლანდშაფტზე კარგად ჩანს. მშრალი კლიმატი ეროზიას მინიმუმამდე ამცირებს. თუნდაც ყინულებში ჩაიძირონ, მყინვართა მსხვრევის შედეგად, მეტეორიტები ხშირად მაინც ზედაპირზე ბრუნდებიან.

ასეთი იდეალური გარემო პირობების მიუხედავად, მოზრდილი კოსმოსური ნამტვრევების პოვნა მაინც იშვიათია.

მკვლევართა ერთი ჯგუფი ყინულოვანი კონტინენტიდან ახლახან საკმაოდ კარგი ნადავლით დაბრუნდა — ხუთი მეტეორიტით, რომელთა შორისაც ერთი უჩვეულოდ დიდი ეგზემპლარია.

ეს მეტეორიტი 7,6 კილოგრამს იწონის და გასული საუკუნის განმავლობაში ანტარქტიდაზე აღმოჩენილ ას უდიდეს მეტეორიტს შორის არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში დაახლოებით 45 000 მეტეორიტია აღმოჩენილი, ეს ფაქტი უდავოდ მრავლისმთქმელია.

მონსტრი მეტეორიტი ბელგიის ბუნების მეცნიერებათა სამეფო ინსტიტუტში წაიღეს, სადაც მას და სხვა უფრო პატარა ქვებს დეტალურად შეისწავლიან. მეცნიერებს ბევრი რამის დადგენა შეუძლიათ იმ გზების შესახებ, რომელიც ამ მეტეორიტებმა ჩვენს პლანეტამდე მოსაღწევად გამოიარეს.

„მეტეორიტების შემთხვევაში, ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ციცქნა მეტეორიტებსაც კი შეიძლება ჰქონდეს მეცნიერულად შეუფასებელი ღირებულება. თუმცა, ასეთი დიდი მეტეორიტის პოვნა იშვიათი და ამაღელვებელია“, — ამბობს ილინოისის ბუნების ისტორიის საველე მუზეუმის კოსმოქიმიკოსი მარია ვალდესი.

მეტეორიტი

მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდაზე მეტეორიტების შემჩნევა შეიძლება ადვილი იყოს, ამ კონტინენტზე მოგზაურობა ადვილი არ არის, თუ გავითვალისწინებთ მის ცივ გარემოს და სიშორეს. მკვლევართა ამ ჯგუფმა კარვებში რამდენიმე დღე გაატარა, ძირითადად გადაადგილდებოდნენ ფეხით და თოვლმავალით.

ასევე საჭიროა იცოდე, სად ეძებო მეტეორიტები. ამ შემთხვევაში, მკვლევრებმა გამოიყენეს შარშან შედგენილი „განძის რუკა“, რომელიც იყენებს თანამგზავრულო ფოტოებიდან მიღებულ მინიშნებებს, მაგალითად, ყინულის ნაკადებს, ტემპერატურას და ზედაპირის დახრილობის გაზომვებს — ამ ყველაფრის საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტი ადგენს ისეთ ადგილებს, სადაც ყველაზე მაღალია მეტეორიტთა პოვნის ალბათობა.

„თუმცა, ადგილზე რეალობა დიდად განსხვავდება იმისგან, რასაც ლამაზ თანამგზავრულ ფოტოებზე ვხედავთ“, — ამბობს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ვინსიან დებე.

მკვლევართა მიერ გამოყენებული რუკა დაახლოებით 80 პროცენტით ზუსტია შემოთავაზებული მიმართულებების თვალსაზრისით. როგორც მისმა შემქმნელებმა გამოთვალეს, ანტარქტიდაზე 300 000-ზე მეტი მეტეორიტია, რომლებიც უბრალოდ აღმოჩენას ელოდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდაზე მეტეორიტთა საპოვნელად ხელსაყრელი გარემო პირობებია, მეცნიერთა აზრით, მრავალი ასეთი ქვის პოვნას დღემდე ვერ ვახერხებთ, განსაკუთრებით კი რკინით მდიდრების. ამის მიზეზი ნაწილობრივ შეიძლება ის იყოს, რომ ამ ტიპის მეტეორიტები მზის სინათლეზე ცხელდება, ადნობს მიმდებარე ყინულს და შედეგად, ზედაპირქვეშ იძირებიან, მხედველობის არეალს მიღმა.

თუმცა, უკვე გვაქვს ამ ქვების აღმოჩენის და დეტალურად შესწავლის ახალი გზა. ახლად აღმოჩენილმა მეტეორიტებმა ძალიან ბევრი რამ უნდა გვითხრან მზის სისტემის ისტორიის შესახებ.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.