ანრი ოხანაშვილი - თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას შესაძლოა, სამართალდამცველების მხრიდან რაიმე გადამეტებას ჰქონდა ადგილი, თუმცა ამას შესწავლა სჭირდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გუშინ თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციისას სამართალდამცველების მხრიდან რაიმე გადამეტებას ჰქონდა ადგილი, თუმცა ამას შესწავლა სჭირდება.
როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისად, მმართველი გუნდი მზად არის, შეხვდეს იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ მათი უფლებები დაირღვა.
მისივე თქმით, არის მზაობა, რომ გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ საკანონმდებლო ორგანოში შსს-ს წარმომადგენლები მიიწვიონ.
“ემოციურად მესმის ყველა იმ ადამიანის, ვინც მივიდა ღამის კლუბში გასართობად და იმ ემოციების გარემოცვაში მოექცა, რასაც ადგილი ჰქონდა იქ. ეს არ არის სასურველი, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს სპეცოპერაცია ეხებოდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ეხებოდა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და წესრიგის უზრუნველყოფას”, – აღნიშნავს დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.
დეპუტატის თქმით, დაკავებები კანონიერების ფარგლებში მოხდა, სამართალდამცველების მოქმედება კი ფრთხილი იყო.
ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ კლუბში შესვლის მთავარი მიზეზი იქ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არსებობა გახდა.
“მე იმ კადრებში არ მინახავს ადამიანზე ძალადობა, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ, შესაძლოა, კონკრეტულ სიტუაციაში რაიმე გადამეტებას ადგილი ჰქონდა, ამას ვერ გეტყვით. უნდა გვქონდეს ჩვენ კადრები, იმ კადრების ფონზე, რაც ჩვენ ვიხილეთ, პირიქით, ვიხილეთ პოლიციელების მიმართ ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა და შესაბამისად, პოლიციელების ადეკვატური რეაქცია”, – აცხადებს ოხანაშვილი.
მისი თქმით, აქცია შესაძლოა, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით სწრაფი ცვლილებების გამოძახილად განვიხილოთ, თუმცა მთავრობას ამ ეტაპზე არა სწრაფი, არამედ ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება სურს, რაზეც მუშაობა გრძელდება.
ანრი ოხანაშვილი მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილებს, ემოციები გვერდით გადადონ.
“მე ამ ადამიანებს მოვუწოდებ, გადადონ ემოციები გვერდით. ჩვენ მზად ვართ მათთან დიალოგისთვის, მზად ვართ შევქმნათ ფორმატი, სადაც ისინი დასვამენ კითხვებს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ კითხვებზე მივიღოთ პასუხი, შესაბამისი ორგანოებისგან. ამ ადამიანებთან გვაქვს კავშირი, რადგან პარლამენტში არაერთხელ გვქონია მსჯელობა ნარკოპოლიტიკაზე, შესაბამისად, არ ვართ უცხო ამ ადამიანებისთვის და გამოვთქვამთ მზაობას მათთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნავს დეპუტატი.