„ანგელოზების ქალაქში“ კემეროვოს ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს
ბესლანის ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების მემორიალთან, სახელწოდებით „ანგელოზების ქალაქი“, კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან სანთლები აანთეს.
„კემეროვო – ვგლოვობთ“, – წერია ბესლანის #1 სკოლის სპორტდარბაზში, სადაც 2004 წლის 1 სექტემბერს სამდღიანი ალყისა და კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს 186 ბავშვი დაიღუპა.
ოფიციალური ინფორმაციით, კემეროვოს გასართობ-სავაჭრო ცენტრში „ზამთრის ალუბალი“ ხანძრის შედეგად 41 ბავშვი დაიღუპა. ხანძარი მე-4 სართულზე გასართობ ოთახში გაჩნდა. ყოფილი საკონდიტრო ქარხნის მეოთხე სართულზე, რომელიც გასართობ-სავაჭრო ცენტრად წლების წინ გადაკეთდა, სამი კინოდარბაზი, საბავშვო გასართობი ოთახი, კონტაქტური ზოოპარკი და ატრაქციონები იყო განლაგებული. ხანძრის დროს შენობაში 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი ხანძარს ერთ-ერთ კინოდარბაზში მოჰყვა, რომლის კარიც ჩაკეტილი იყო. კინოსეანსის დროს ანიმაციური მულტფილმი „შერლოკ გნომსი“ გადიოდა. სეანსს ძირითადად ბავშვები ესწრებოდნენ.
დარბაზის კარის ჩაკეტვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, რომელიც საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ გაავრცელა, კინოდარბაზის კარებს იმ მიზნით კეტავდნენ, რომ სეანსს უბილეთოები არ დასწრებოდნენ.
„ზამთრის ალუბალში“ დაღუპულებს შორის ყველაზე მცირეწლოვანი, ორი წლის რომან ვასტრიკოვია. მასთან ერთად კინოში 5 წლის ძმა, 7 წლის და, დედა და მამიდა იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.
ხანძრის დროს გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.