ანგარიშის თანახმად, 2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100-ზე მეტი ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა
პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ხუთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო.
ანგარიშის თანახმად, 2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა – კონსტიტუციის პოპულარიზაციაზე, დემოკრატიული ცნობიერების ამაღლებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციულ გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
ფონდის საქმიანობისა და ერთობლივი პროექტების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ზამბახიძემ ისაუბრეს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მწირი დაფინანსების მიუხედავად, ფონდმა ეფექტიანი, მნიშვნელოვანი კამპანიებისა და პროექტების განხორციელება შეძლო.
„პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენ თანაბარი წარმატებით ვთანამშრომლობდით, როგორც არასამთავრობო, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ხშირად არის საუბარი ფონდის დაფინანსებაზე, სწორედ ამ დაფინანსების ფარგლებში მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში შევძელით და საქართველოს ყველა რეგიონში მასშტაბური კამპანია ვაწარმოეთ. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს იმ არსებული 5 მილიონის ფარგლებში ეს როგორ შევძელით. ასევე რეალურად უზრუნველვყავით დისკუსია საქართველოს კონსტიტუციის შესახებ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში, დავეხმარეთ სოფლის ბიბლიოთეკებს და ეს სია ძალიან გრძელია“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ადმინისტრაცია ყოველთვის ცდილობდა, ფონდის საქმიანობა უმაღლესი სტანდარტების დონეზე ყოფილიყო და სწორედ ამიტომ დაფინანსებულ პროექტებში მხოლოდ 20 პროცენტი იყო პროექტების წევრთა ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე. დანარჩენი თანხა კი, მისი თქმით, პროექტების შინაარსობრივ მხარეზე იხარჯებოდა.
ამასთან, 2019 წლის ბიუჯეტის სახელმწიფო პროექტში პრეზიდენტის ფონდისთვის დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.