ანდრიუს კუბილიუსი - წევრობის სამოქმედო გეგმის მსგავსი მექანიზმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაწევრიანების გარეშე მიიღონ ყველა პრაქტიკული სარგებელი, რაც ევროკავშირის  სახელმწიფოებს აქვთ
ანდრიუს კუბილიუსი - წევრობის სამოქმედო გეგმის მსგავსი მექანიზმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაწევრიანების გარეშე მიიღონ ყველა პრაქტიკული სარგებელი, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებს აქვთ

19 აპრილს საქართველოს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. 6-თვიანი რთული მოლაპარაკებების დასასრულს, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რასაც მოჰყვა შარლ მიშელის ვიზიტი თბილისში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დათანხმდა შეთანხმების ხელმოწერას, ვიდრე პარტიის ლიდერი ნიკა მელია საპატიმროში იმყოფება.

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესახებ საქართველოს პირველი არხი ლიეტუვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს ესაუბრა.

 – როგორც გასულ კვირას ვნახეთ, საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმებას. თქვენი აზრით, ამით კრიზისის ამოწურულია?

შეთანხმება ნამდვილად მიღწეულია და ვულოცავ ორივე მხარეს, როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციურ პარტიებსაც, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას. ვულოცავ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. მან ლიდერობა აჩვენა ამ კრიზისის გადაჭრაში. ახლა ყველაფერი იქნება დამოკიდებული ამ შეთანხმების განხორციელებაზე. რამდენიმე დღის წინ მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე, სამომავლო გეგმებსა და საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებზე, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირსა და ნატო-ში. სწორედ ეს მიზნები უნდა იყოს საფუძველი საქართველოს პოლიტიკური საზოგადოებისთვის, რათა სტრატეგიულად უფრო ერთიანები იყვნენ და მომავალში თავიდან აიცილონ მსგავსი პოლიტიკური კრიზისები.

 – რადგან ვახსენეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, მინდა, გკითხოთ იმ ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლის დროს ახსენეთ. საქმე ეხება ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მსგავსი მექანიზმს შემუშავებას ევროკავშირისთვის. შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამის შესახებ?

ევრონესტის ასამბლეა გახლავთ საპარლამენტთაშორისო ფორუმი, რომელშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დეპუტატების გარდა, „აღმოსავლეთ პარტნიორების“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების პარლამენტის წევრებიც მონაწილეობენ. ამ ასამბლეაზე ჩვენ კენჭი ვუყარეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო სამიტის წინ შემუშავებულ რეკომენდაციებს. რეზოლუციაში ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის სამოქმედო გეგმის მსგავსს მექანიზმზე. ეს არის ხედვა, როგორ შეიძლება საქმის წინ წაწევა. ამ გეგმაში არის უფრო მკაფიო ნიშნულები, გარდამავალი სტატუსი ქვეყნებისთვის, ვიდრე ისინი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გახდებიან. ჩამოთვლილი იქნება, რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი პრაქტიკული კუთხით. ჩვენ მექანიზმი მათ საშუალებას მისცემს, გაწევრიანების გარეშე მიიღონ ყველა პრაქტიკული სარგებელი, რაც ევროკავშირის წევრებს აქვთ. ეს არის ე.წ. ნორვეგიული მოდელი. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ სახელწოდებაზე. ეს გახლავთ ინიციატივა, რომლითაც ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი რომანო პროდი 2003 წელს გამოვიდა. ასე რომ, ჩვენ ვუბრუნდებით იმ იდეებს, რომლებზეც ადრე იყო საუბარი.  ვფიქრობთ, დღეს ეს ძალიან პრაქტიკულია. საქართველო შეიძლება იყოს კარგი მაგალითი, რადგან როგორც ვიცით, საქართველოს 2024 წელს დაგეგმილი აქვს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენა. ამ ნაბიჯმა შეიძლება წინ წამოწიოს დისკუსია ევროკავშირის გაფართოებაზე, ორგანიზაციის მომავალზე, ინტეგრაციის სხვადასხვა შესაძლებლობაზე. სწორედ ეს განვიხილეთ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ბრიუსელში. იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. სხვა შემთხვევაში ეს დიდი დაბრკოლება იქნება.

 – დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების პროცესზე საუბარს. ჩვენ ვიცით, რომ შარლ მიშელის შეთავაზებულ წინადადებაზე ხელმოწერაზე. მათ შორს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამის მიზეზად ისინი პარტიის თავმჯდომარის ციხეში ყოფნას ასახელებენ. ისინი უარს ამბობენ მელიას გათავისუფლების სანაცვლოდ ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე. ასევე, ეწინააღმდეგებიან შეთანხმებით გათვალისწინებულ ამნისტიასაც, რადგან მიიჩნევენ, რომ ამნისტია მელიასთან ერთად არ უნდა შეეხოთ იმ პოლიციელებს, რომლებმაც 2019 წლის ივნისის მოვლენების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. რა იქნება თქვენი რეკომენდაცია ან რჩევა?

ჩემი რჩევა იქნება, შეხედეთ ყველაფერს სტრატეგიულად, საქართველოს მომავლის გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო შარლ მიშელის, ანუ ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი პირის ძალისხმევა. რაც წერია შეთანხმებაში და რა წინადადებითაც გამოდის შარლ მიშელი, უნდა აღიქვათ ძალიან სერიოზულად. მე არ ვიცი დეტალები, როგორ უნდა გადაიჭრას მელიას საკითხი, მაგრამ მხოლოდ ერთ გზას ვხედავ. ეს უნდა გაკეთდეს ყველა ლეგალური პროცედურისა და კანონის დაცვით. თუ არის საშუალება, რომ ეს მოხდეს ამნისტიით, ეს უნდა გაკეთდეს. მე ბევრი მეგობარი მყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ჩემი სურვილია, მათ გადაეხედათ მათი მიდგომისთვის, გადაეხედათ მათი პოზიციისთვის. მე მესმის მათი ემოციები, მაგრამ მჯერა, რომ მელია ამა თუ იმ გზით გათავისუფლდება, ეს უკვე შეთანხმებულია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მელიას გათავისუფლება, არამედ საქართველოს მომავალი, საქართველოს ინტეგრაცია და „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა ამ პროცესებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საქართველოს მომავალი, რაც ახლა სასწორზე დევს. შესაძლებლობები, რომელთა შექმნასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ინტეგრაციისთვის, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და კარგი იქნება, თუ საქართველოს პოლიტიკური საზოგადოება ამას სათანადოდ გააცნობიერებს.

 – როგორც ვიცით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას. მან ასევე თქვა, რომ ერთადერთი, ვინც დაინტერესებულია შეთანხმების ჩაშლით, არის რუსეთი. თუ ეთანხმებით მის პოზიციას და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ პარტიები, ვინც არ აწერს ხელს დოკუმენტს, შეიძლება რუსეთის წისქვილზე ასხამდნენ წყალს?

მე არ დავადანაშაულებდი მათ, ვინც ახლა ჯერ კიდევ ხელმოწერის წინააღმდეგია, ასეთია პოლიტიკა. ეს ქვეყნის შიდაპოლიტიკური საკითხებია, მაგრამ ცხადია, რომ კრიზისის გაჭიანურება საქართველოს არ აძლიერებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ იქნება ძალიან ბედნიერი, თუ საქართველო დიდი ხნით იქნება დაკავებული პოლიტიკური კრიზისით. რეალურად, ეს არის კრემლის სურვილი. მე ახლახან ვუსმინე პუტინის გამოსვლას ფედერაციის საბჭოში, სადაც ის მკაფიოდ ემუქრება ყველას. ჩვენ ვხედავთ, რომ კრემლის განცხადებები სულ უფრო აგრესიული ხდება. ამიტომ, საქართველოს უსაფრთხოება გამოწვევის წინაშეა.  საქართველოს პოლიტიკურმა საზოგადოებამ უნდა იფიქროს საქართველოს მეტად გაძლიერებაზე და არა რაიმე პოპულარობის მოპოვებაზე ამ კრიზისის გახანგრძლივებით.

 – როგორც ცნობილია, შეთანხმებაში გაწერილია, რომ ვადამდელი არჩევნების დამოკიდებული იქნება წელს, შემოდგომაზე დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე. რას ფიქრობთ შეთანხმების ამ პუნქტზე? რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას თვითმმართველობის არჩევნებამდე  და ზოგადად, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ შემოთავაზებული მექანიზმი?

თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს კარგი შესაძლებლობა იმის საჩვენებლად, რომ წარსულის გაკვეთილები გათვალისწინებულია. ეს არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. საქართველოს პოლიტიკური საზოგადოების ნაწილი ითხოვდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. როგორ შეძლება ამის გაკეთება, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ჩემი წინადადება ძალიან მარტივი იყო. მივიჩნევ, რომ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებამდე, მმართველ პარტიას შეეძლო, დაენიშნა ადრეული არჩევნები, რათა ნდობის მანდატი განეახლებინა. ამით ის აჩვენებდა ყველას, რომ პარლამენტში არის მომწიფებული დემოკრატია. თუმცა, საბოლოო ჯაში, ყველაფერი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია. ევროპის ბევრ ქვეყანაში ადრეული არჩევნები უმრავლესობის სისუსტის ნიშანი არ გახლავთ. პირიქით, ეს მათი სიძლიერის ნიშანია. ცხადია, ყველა ქვეყანას განსხვავებული კონტექსტი აქვს, თუმცა მაგალითად თუ გადავხედავთ ბრიტანეთის ისტორიას, მარგარეტ ტეტჩერს ვადამდელი არჩევნები თითქმის ყველა ვადის დროს ჰქონდა. ის უბრალოდ ეძებდა მომენტს, როდის შეეძლო, მეტი ხმის მიღება და სწორედ ამ დროს ნიშნავდა არჩევნებს. ჩემი აზრით, ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, კარგი იქნებოდა ადრეული არჩევნების გამართვა, მაგრამ ეს პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია.

 – და ბოლოს, მინდა გკითხოთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ შემოდგომაზე დანიშნული არჩევნების წინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყოს ხელს ეს გადაწყვეტილება კრიზისის განმუხტვას?

ცხადია, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მარგამ საქართველოს პოლიტიკური სისტემის პოლარიაზაცია ძალიან პერსონიფიცირებულია. ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი და მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი. ამის გამო პოლიტიკური მოვლენები საქართველოში ხშირად ზედმეტად ემოციურია და საზოგადოების დაყოფას იწვევს. მიხეილ სააკაშვილს კარგად ვიცნობ. მან ბევრი კარგი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. თუმცა, ცხადია საქართველოში სააკაშვილის მემკვიდრეობის შესახებ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მე მას ვერაფერ ვურჩევ. მე ვურჩევდი საქართველოს საზოგადოებას, გამოიმუშაონ კომპრომისის კულტურა და ყოველ ჯერზე ხელახლა ერთი და იმავე პირადულ ბრძოლაში არ ჩაერთონ. ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ასევე ვურჩევდი პოლიტიკურ პარტიებში ახალ თაობას, მზად იყვნენ, საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობა აიღონ და ზედმეტად არ დაეყრდნონ ცნობილ პერსონებს, რომლებმაც თავიანთი გასაკეთებელი საქმე წარსულში გააკეთეს. ახალგაზრდა თაობა უნდა იყოს ორიენტირებული მომავალზე და იტვირთოს პასუხისმგებლობა. ეს არის გზა, რომლითაც საქართველოს ბევრის მიღწევა შეუძლია.