გია ვოლსკი - მორალისგან დაცლილია, რასაც გორბაჩოვის ყოფილი მოკავშირე კუბილიუსი ამბობს, კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციაში მას გარკვეული ლიდერის როლი უკავია
დიდი ალბათობით, ანდრიუს კუბილიუსი, ისევე როგორც ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი საქართველოში, ფინანსდება და მხარდაჭერილია დავით კეზერაშვილისგან, რომელმაც ქონება საქართველოს ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე იშოვა და სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ ფულის შოვნას ევროპელი პენსიონრების ძარცვით განაგრძობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, სადაც კუბილიუსმა აღნიშნა, რომ „პარტიაში ოფიციალური თანამდებობა ივანიშვილს სანქციებისგან ვერ დაიცავს“.
ვოლსკის თქმით, კუბილიუსის განცხადებები ყოველგვარი მორალისგან არის დაცლილი.
„კუბილიუსი, ისევე როგორც ლევან ხაბეიშვილი, იმ დღის წესრიგში ჯდება, რასაც დავით კეზერაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად ქმნის. ეს ერთი გუნდი და ერთი სისტემაა, ერთი სტრუქტურაა და ამ სტუქტურიდან გადმოძახილი, რა ენაზეც არ უნდა იყოს, ერთ კონსტექსტშია განსახილველი. კუბილიუსის განცხადებები ფასეული არ არის. რასაც გორბაჩოვის ყოფილი მოკავშირე კუბილიუსი ლაპარაკობს, ყოველგვარი მორალისგანაა დაცლილი, კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციაში კუბილიუსს გარკვეული ლიდერის როლი უკავია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც კონკრეტული პოლიტიკური გუნდი შექმნა, ამ გუნდის გარკვეულ ლიდერებთან გარკვეულ თემაზე კონტაქტი ჰქონდეს, იყოს შეკითხვის ან კონსულტაციის საჭიროება, მაგრამ ეს მონაწილეობა ძალიან ლიმიტირებულია. ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ ეხელმძღვანელა მთავრობისთვის, პარტიისთვის ან პარლამენტისთვის მიეცა გარკვეული მითითებები. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა კუბილიუსებში გარკვეულ ისტერიკას იწვევს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.