ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე გიორგი მამალაძის ოჯახის არც ერთი არგუმენტი არ მოქმედებს
ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე გიორგი მამალაძის ოჯახის არც ერთი არგუმენტი არ მოქმედებს

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე, სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელზე დაწერილი წერილი, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისაა.

ანდრია ჯაღმაიძემ მედიას 8 ნოემბრის პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი მიმართვის შინაარსი გააცნო:

„მოგმართავთ ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“. სულ ეს არის, რაც წერია მიმართვაში“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძემ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა.

ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ რამდენიმე წელია, დაპატიმრებულ ადამიანებს საპატრიარქო შუამდგომლობას უწევს, თუმცა „არც ერთხელ არ მიუმართავს ზომებისთვის და განსჯისთვის, თუ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, 100-დან  95 შემთხვევაში  საპატრიარქოსათვის უარი ეთქვა“.

„საპატრიარქოს არ ევალება პრეზიდენტის გამონათქვამების კომენტირება, ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ ხოლმე, ამიტომ ნუ მომთხოვთ პრეზიდენტის განცხადების შეფასებას. რამდენიმე წელია, სხვადასხვა შემთხვევაში დაპატიმრებულ ადამიანებს ვუწევთ ხოლმე შუამდგომლობას, ამ შემთხვევებს განიხილავდა ხოლმე ჯერ საპატრიარქოს კომისია და შემდეგ შეწყალების კომისიას უგზავნიდა. ყოველი 100-დან 95-ზე უარია მოსული. ჩვენ არ მიგვიმართავს სხვა ზომებისათვის და განსჯისათვის, თუ რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ან კომისიამ უარი ეთქვა 95 შემთხვევაში საპატრიარქოსათვის. წაგიკითხავთ 7 ნოემბერს, სინოდის სხდომიდან რამოდენიმე დღეში, სახალხო დამცველის განცხადებას, რომელიც ასეთი შინაარსის არის – ახალი წესის შემუშავებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ ეთანხმება და, ნინო ლომჯარიას აზრით, გამონაკლისის სახით ვინმეს პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმის გამო, რომ წმინდა სინოდმა მიიღო პრეზიდენტთან შუამდგომლობის გადაწყვეტილება. პროცესები რთულია, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ პროცესებში სრულად ვერ იქნება ჩართული და გავლენის მომხდენი. ამას ლაპარაკობს სტატისტიკაც, რომელზეც გესაუბრეთ. მე შემიძლია გითხრათ ჩვენი პოზიცია და ერთგვარი ეტაპები საპატრიარქოში შეწყალების შესახებ მსჯელობებისა. რამდენჯერაც დავიწყეთ ამაზე საპატრიარქოში საუბარი, მეც ვიყავი ერთი პერიოდი ჩართული და უშუალოდ ოჯახთან გვქონდა საუბარი, იმდენჯერ ვცდილობდი, უფრო ადრე მოგვარებულიყო ეს საკითხი. რამდენჯერაც დაიწყო ამ პროცესზე მსჯელობა, იმდენჯერ სწორედ დეკანოზ მამალაძის გარემოცვიდან იწყებოდა ხელისშემშლელი პროცესები. ანუ პირდაპირ ამბობდნენ, რომ თუ საპატრიარქო შეიწყალებს, ეს მოხდება მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ საპატრიარქო წავიდა კომპრომისზე, რაღაც კომპრომატების არ გათქმის საფუძველზე და, ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ფერხდებოდა ამით.

მათ შორის სასულიერო პირებიც აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს. შეიძლება, პრეზიდენტსაც ზუსტად იგივე რამ ჰქონდა მხედველობაში, რადგანაც ბოლო პერიოდშიც კეთდებოდა მსგავსი განცხადებები. მე მესმის ძალიან ალოგიკური, ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები მათი მხრიდან (ოჯახი). რამოდენიმეჯერ იყო თარიღი დათქმული, რომ თუ, აი, ამა და ამ დროს არ გაათავისუფლებთ, ამ შემთხვევაში გავასაჯაროვებთ. ახლა გვეუბნებიან, რომ თუ გაათავისუფლებთ, მაშინ გავასაჯაროვებთ. არ ემთხვევა ერთმანეთს ეს ლოგიკა. ან ერთია ან მეორე. ან ჩვენ უნდა გვეშინოდეს, რომ თუ დარჩება პატიმრობაში, რაღაცას გაასაჯაროვებს, ან იმის უნდა გვეშინოდეს, რომ გამოვა და გაასაჯაროებს. არც ერთი არგუმენტი არ მოქმედებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქთან დაკავშირებით ბევრი ტყუილი ვრცელდება.

„დიდი ხნის განმავლობაში გვესმოდა, რომ პატრიარქი უუნაროა და გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს, დღეს გვესმის, რომ პატრიარქი ღებულობს პრეზიდენტზე უპირატეს გადაწყვეტილებებს, რომელია მართალი? ძალიან ბევრი ტყუილი გვესმის. რამდენჯერმე ჩვენ მოვუწოდეთ, რომ გამოაქვეყნონ და გაასაჯაროვონ რაც აქვთ. ამდენი ხანი საპატრიარქოში მისი შეწყალების შესახებ მსჯელობა სწორედ ამიტომ იყო შეფერეხებული. როდესაც აქ იწყებოდა მსჯელობა, ამ მსჯელობას უკავშირებდნენ შიშებს, თითქოს რაღაცის გვეშინია და შევდივართ გარიგებაში. სინამდვილეში, ეს ყველაფერი აფერხებდა ამას. ლოგიკა ხომ ასეთია, თუ ადამიანს რეალურად აშანტაჟებ, ის უნდა წამოგვყეს ამ შანტაჟზე, თუ მას ნამდვილად ეშინია“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ  კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს პირველად გამოსცა.

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით განხორციელდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.