ანდრია გვიდიანი - ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ არ შეიძლება, ეს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დაბრალდეს
ანდრია გვიდიანი - ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ არ შეიძლება, ეს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დაბრალდეს

ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ არ შეიძლება, ეს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დაბრალდეს და ვთქვათ, რომ ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრალია, ან პრემიერ-მინისტრის, ან კიდევ ეკონომიკის მინისტრის, – განაცხადა ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ვითარება ძალიან რთულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიაა. მათ შორის, იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, არის ძალიან დიდი ინფლაცია და ადგილობრივი ვალუტების დევალვაცია. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს ჩვენ ეკონომიკაზეც, ეროვნულ ვალუტაზეც და შესაბამისად, ეს ვითარებაა, რაც ქვეყანაში შეიქმნა“, – განაცხადა გვიდიანმა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი დღეს ორ ცეცხლს შუა დგას.

„ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ფასები სტაბილური იყოს და მისი პირდაპირი, კონსტიტუციური მოვალეობაა, ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებლობა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, იმ ბერკეტებით და ღონისძიებებით, რისი გატარებაც ეროვნულ ბანკს შეუძლია, უფრო მეტად წნეხად აწვება ეკონომიკურ ზრდას და სხვა პარამეტრებს, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ისეთი ოქროს წესი, ან ოქროს გასაღები, რომლითაც ეროვნულ ბანკს, ან ფისკალურ ხელისუფლებას ამ დონის ეკონომიკური კრიზისის მოგვარება შეეძლება“, – განაცხადა გვიდიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია ის, რასაც ეროვნული ბანკი დღეს აკეთებს, როცა ლარის კურსი ინფლაციის პროცესებზე გავლენას ახდენს, რადგან ის მუდმივად აცხადებდა, რომ ლარის კურსი მისი საქმე არ არის და ეროვნული ვალუტის კურსის მართვაში გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებდა, თუ ის ინფლაციის პროცესებზე გავლენას მოახდენდა, გვიდიანმა განაცხადა, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმი მისი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, ეროვნულმა ბანკმა კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა და ახლა მოლოდინის რეჟიმშია, როდის დაიდება შედეგები.

„ის ღონისძიებები, რაც ეროვნულმა ბანკმა გაატარა, თეორიულ დონეზე სწორია, რაც არის სამოქმედო გეგმა ასეთ ვითარებაში. ეს არის თეორია, მაგრამ პრაქტიკა სხვა არის და პრაქტიკა და დღევანდელი რეალობა არის ის, რომ ლარის კურსი დღითი დღე უფასურდება და შესაბამისად, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მუდმივად იზრდება. ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს კიდევ მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და მკაცრი ღონისძიებების გატარება. თუმცა, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ მკაცრი ღონისძიებების ეფექტი ერთი მხრივ იქნება ის, რომ ფასების დასტაბილურება შენარჩუნებული იქნება, მეორე ხელით კი, საქმეს გავაფუჭებთ ეკონომიკურ ზრდაზე და მთელი რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელობაზე“, – განაცხადა გვიდიანმა.

მისი თქმით, გამოსავალი უფრო ფუნდამენტურ რეფორმებში და ღია პოლიტიკაშია.

„ვფიქრობ, საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს ხელისუფლების პოლიტიკა. მხედველობაში მაქვს ის, რომ იმ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, რაც დღეს ქვეყანაშია, სჭირდება იდეოლოგიურ დონეზე პოლიტიკის ცვლილება. ხელისუფლების მხრიდან უნდა გატარდეს უფრო მეტად მემარჯვენე ღონისძიებები და უფრო მეტად ბიზნესზე ორიენტირებული ღონისძიებები. ხელისუფლების პოლიტიკა მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ბიზნესის კეთილდღეობას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ეკონომიკას ბიზნესი ქმნის“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

დატოვე კომენტარი