ანდრია გვიდიანი - ლარის გამყარება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია
ანდრია გვიდიანი - ლარის გამყარება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი პოზიტიური მოლოდინები და ბოლო დროს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციებია.

„ეროვნული ვალუტის გამყარება რამდენიმე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ფაქტორით არის განპირობებული. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი გამოცოცხლება იგრძნობა თითქმის ყველა იმ მიმართულებით, რაც ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 141%-ით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა, ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება უკვე აშკარაა. შესაბამისად, ეს ფაქტორი, ბუნებრივია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლარის კურსის ფორმირებაში. ასევე გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის მონაცემები. კერძოდ, ექსპორტი 70.0 პროცენტით გაიზარდა და სულ 378.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის აპრილის (პანდემიამდე) მონაცემსაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების ფაქტორი. ამ კუთხითაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება გვაქვს. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აპრილში სულ 693 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, რაც 48%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებზე და 34%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) პერიოდს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ, ზოგადად, ლარის კურსის გამყარება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია“, – განაცხადა გვიდიანმა.

ეკონომისტის აზრით, ლარის გამყარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა მტავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა.

„როგორც ვხედავთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემსუბუქდა კოვიდ-რეგულაციები. თითქმის ყველა სისტემური შეზღუდვა უკვე მოხსნილია და ნელ-ნელა ქვეყანა ჩვეულებრივი ცხოვრების წესს უბრუნდება. შესაბამისად, შემსუბუქებულმა შეზღუდვებმა გაზარდა ეკონომიკური აქტივობა, რაც, ცხადია, ლარზე დადებითად აისახა. ამასთან, აუცილებლად ხაზგასასმელია ვაქცინაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული მოლოდინები. როგორც ვიცით, იმუნიზაციის ტემპი საბედნიეროდ თანმიმდევრულად იზრდება. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის სწრაფი ტემპით ზრდა აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს როგორც ბიზნესსექტორში, ისე საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები, როგორც წესი კონვერტირდება ხოლმე მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაში. ამდენად, მსგავსი ტიპის მოლოდინების მართვას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს“, – აღნიშნავს გვიდიანი.

ანდრია გვიდიანის თქმით, ლარის კურსის გამყარებაზე ასევე იმოქმედა ეროვნული ბანკის პოლიტიკამ, რაც მონეტარული პოლიტიკის ცვლილებაში გამოიხატება.

„ლარის კურსზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ეროვნული ბანკის საქმიანობა და მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ახდენს. ეროვნული ვალუტის გაუფასურების და ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე ნეგატიურმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა, მნიშვნელოვანი რისკები გააჩინა ინფლაციასთან მიმართებით. შესაბამისად, სებ-მა 28 აპრილის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაამკაცრა და განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე, გაზარდა. ცხადია, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გაცვლით კურსზეც და სხვა ფაქტორებთან ერთად, გამყარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდა“, – აცხადებს გვიდიანი.