ანდრია გვიდიანი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაინტერესებულია საქართველოში ნეგატიური პროცესების გაღვივებით და აჟიოტაჟით ცდილობს, ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება შეინარჩუნოს
ანდრია გვიდიანი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაინტერესებულია საქართველოში ნეგატიური პროცესების გაღვივებით და აჟიოტაჟით ცდილობს, ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება შეინარჩუნოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაინტერესებულია საქართველოში ნეგატიური პროცესების გაღვივებით და აჟიოტაჟით ცდილობს, ეროვნულ ბანკში შეინარჩუნოს დღეს არსებული ვითარება, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდი რა დოზითაც ერევა საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემაში და ცდილობს, თავისი გავლენა ჰქონდეს საქართველოში, ეს გადაჭარბებულია.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ უცხოეთიდან მძლავრ შეტევებს საქართველოზე, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. ვფიქრობ, სავალუტო ფონდის ქმედებები, მათ შორის შემცირებული ეკონომიკური პროგნოზები და ა.შ. თავიდან ბოლომდე არის ერთი ძალის მიერ კონტროლირებადი. შესაბამისად, სავალუტო ფონდის როგორც ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული პოზიცია, ისე სხვა საკითხებთან მიმართებით პოზიციები, არის საქართველოს წინააღმდეგ.

მიმაჩნია, რომ სავალუტო ფონდი იმ დოზით, რა დოზითაც ერევა საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემაში და, შესაბამისად, ცდილობს, თავისი გავლენა ჰქონდეს საქართველოში, ეს არის გადაჭარბებული. მათ შორის ეს არის აჟიოტაჟი, რომელიც გამოიწვია ეროვნულ ბანკში ახალი თანამდებობის დამატებამ. პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატებასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის რეაქცია იყო არაადეკვატური და, რასაკვირველია, აჩენს ეჭვებს, რატომ არის გადაჭარბებული ასეთი არაადეკვატური, არაბუნებრივი რეაქციები საქართველოს ეროვნულ ბანკში საშტატო ცვლილებებთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, ის ისტერიული დამოკიდებულება აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაინტერესებულია საქართველოში ნეგატიური პროცესების გაღვივებით. ასევე, მეორე, რაც მთავარია, სავალუტო ფონდი ამ აჟიოტაჟით ცდილობს, საქართველოს ეროვნულ ბანკში შეინარჩუნოს ის ვითარება, რაც არსებობს დღეს და რაც მათთვის კომფორტულია. რა გადაწყვეტილებებიც დღეს მიიღება ეროვნულ ბანკში, თანხმდება სავალუტო ფონდთან. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სავალუტო ფონდისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატუსკვო შეინარჩუნოს. იქ მოქმედი პირები, ვინც არიან თანამდებობებზე ეროვნულ ბანკში, დარჩნენ და არ შეექმნათ არანაირი საფრთხე მათ მიერ კონტროლირებად თანამდებობის პირებს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ უცხოური გავლენის აგენტის როლი არის ძალიან მძიმე, როდესაც შენ ვალდებული ხარ რომელიმე უცხოური საელჩოს ან ორგანიზაციის და არა საკუთარი ხალხის წინაშე. მიმაჩნია, რომ ეროვნულ ბანკში მოქმედი დღეს წამყვანი თანამდებობის პირები ანგარიშვალდებული არიან საქართველოს გარეთ მოქმედ ორგანიზაციებთან და პირებთან და არა საქართველოს მოქალაქეებთან, რაც არის აგენტურის კლასიკური განმარტება. შესაბამისად, მათი ქმედებებიც, რასაკვირველია, არსებობს ეჭვი, არის ამ აგენტურული ქსელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.