ანდრია გვიდიანი - არავის უნდა ბიზნესი და სამუშაო ადგილი დაკარგოს, მაგრამ როდესაც ადამიანთა სიცოცხლეზეა საუბარი, აქ მერკანტილური ნიუანსების განხილვა ზედმეტად მეჩვენება
ანდრია გვიდიანი - არავის უნდა ბიზნესი და სამუშაო ადგილი დაკარგოს, მაგრამ როდესაც ადამიანთა სიცოცხლეზეა საუბარი, აქ მერკანტილური ნიუანსების განხილვა ზედმეტად მეჩვენება

არავის უნდა ბიზნესი და სამუშაო ადგილი დაკარგოს, მაგრამ როდესაც ადამიანთა სიცოცხლეზეა საუბარი, აქ მერკანტილური ნიუანსების განხილვა ზედმეტად მეჩვენება, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

„ბიზნესისგან, პოლიტიკოსებისგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან ხშირად ვისმენთ კრიტიკას, რომ ეს შეზღუდვები, ჩაკეტვები და ასე შემდეგ არაგონივრულია, მაგრამ ალტერნატიული წინადადება ვერავისგან მოვისმინე, რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობა არ ჩაგვეკეტა და მეორე მხრივ, ინფიცირების დაბალი მაჩვენებლები შეგვენარჩუნებინა. ასეთი მოდელი არ არსებობს; ის მსოფლიოში ვერავინ შექმნა და შესაბამისად, როდესაც არჩევანი დგება ეკონომიკურ აქტივობას და სიცოცხლის გადარჩენას შორის, ბუნებრივია, ერთადერთი გამოსავალი ჩაკეტვაა“, – განაცხადა გვიდიანმა.

მისი თქმით, ბუნებრივია, არავის უნდა, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როცა ჭარბი ინფიცირების გამო საავადმყოფოში ადგილი არ არის და მის ოჯახის წევრს ვერავინ ვერაფრით მიეშველება.

„როდესაც ასეთ რამეს საკუთარ თავზე გამოცდი, მერე უფრო მოზომილი ხარ იმ კრიტიკაში, რაც ხელისუფლების მიმართ გაქვს“, – განაცხადა გვიდიანმა.

როგორც გვიდიანმა აღნიშნა, ეკონომიკური შეზღუდვები უპირველესად, მთავრობის ინტერესებში არ შედის, რადგან როდესაც პანდემია გადაივლის და ხელში მაკროეკონომიკური თუ სხვა ტიპის გაუარესებული მაჩვენებლები შეგვრჩება, ამაზე პასუხისმგებელი ბუნებრივია, მთავრობა იქნება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხს ხელისუფლებას მოვთხოვთ, ყველა გაუარესებულ პროცესზე, რომელიც ამ შეზღუდვებმა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, როდესაც ხელისუფლებისკენ ვიშვერთ ხელს და ვეუბნებით, რომ ეს წერტილოვანი თუ არაწერტილოვანი შეზღუდვები დრაკონულია და ა.შ. მაშინ ვინმემ უნდა თქვას, რა არის ალტერნატივა. და რა არის ალტერნატივა? – ვირუსი თავის ნებაზე მივუშვათ და პაატა იმნაძეს დავესესხები – მერე კუბოები ვერ დავითვალოთ?! რასაკვირველია, ეს არავის უნდა და თუ არჩევანია ეკონომიკურ კეთილდღეობას და სიცოცხლეს შორის, ბუნებრივია, მეც და სხვა ადამიანებიც სიცოცხლეს ვირჩევთ“, – განაცხადა გვიდიანმა.

ანდრია გვიდიანმა ასევე განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან გაუჭირდება, მაგრამ დღეს სხვა გამოსავალი არ არის.

„ამ პანდემიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურ ეკონომიკაში ძალიან ბევრი ბიზნესი და ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეეწირება. კონკრეტული მაჩვენებლები უკვე არსებობს. ძალიან დიდი დანაკარგი აქვს ევროზონას. 2020 წელს ევროზონის ეკონომიკა დაახლოებით, 8%-ით შემცირდა, რთული ვითარებაა აშშ-ში და ა.შ. ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნება და მეორე მხრივ, ვირუსის შეკავება ვერც ერთმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ასე რომ, ეს ნოუ-ჰაუ არ არსებობს. ერთადერთი ნოუ-ჰაუ და ერთადერთი მოდელი, რომელიც ვიცით და მუშაობს, არის შეზღუდვები. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, ვიდავოთ, რამდენად სწორი ან არასწორია გარკვეული ტიპის შეზღუდვა“, – განაცხადა გვიდიანმა.