ძველბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს თანახმად, სკვითები მრისხანე, საშინელი, სისხლისმსმელი ხალხი იყო.
ჰეროდოტე აღწერს, როგორ და რაში იყენებდნენ სკვითი მეომრები დაპყრობილი მტრის ცხედრებს.
ისტორიკოსი წერს, რომ მათი კანისგან ტყავს ამზადებდნენ, რომლებსაც შემდეგ მშვილდ-ისრებში იყენებდნენ.
ამის გამო, ჰეროდოტეს ტყუილი ამბების გამოგონებაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ის გარკვეულად მართალი იყო. სამხრეთ უკრაინაში, სკვითების სამარხებში აღმოჩენილი ტყავის ნარჩენების ანალიზი ცხადყოფს, რომ საისრე კაპარჭების ზოგიერთი ნიმუში მართლაც ადამიანური წარმოშობისაა.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ სკვითები ტყავის წარმოებისთვის ძირითადად მოშინაურებულ ცხოველებს იყენებდნენ, მაგალითად, ცხვარს, თხას, მსხვილფეხა საქონელსა და ცხენებს. ბეწვს გარეული ცხოველებისგან იღებდნენ — მელიისგან, ციყვისა და კატისებრებისგან. მოულოდნელია ადამიანის კანის ორი ნიმუშის აღმოჩენა, რაც პირველ პირდაპირ მტკიცებულებას სძენს ძველბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტეს ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, სკვითები მტრების ცხედართა კანს იყენებდნენ გამარჯვების აღსანიშნავი ტყავის საგნების დასამზადებლად“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც კოპენჰაგენის უნივერსიტეტის არქეოლოგი ორსტედ ბრანდტი ხელმძღვანელობდა.
სკვითები გარკვეულწილად იდუმალებით მოცული ხალხია, მაგრამ მათ შესახებ ცოტა რამ მაინც ვიცით. განთქმული იყვნენ მეომარი, მომთაბარე ცხოვრების წესით. ევრაზიის სტეპებში ბატონობდნენ ძვ. წ. 700-300 წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესიდან გამომდინარე ისტორიას მათი ბევრი არაფერი შემორჩა, მაგალითად, ქვით ნაგები ქალაქები, აღმოჩენილია მათი არტეფაქტები, ძირითადად მათსავე დახვეწილ გორასამარხებში.
ჰეროდოტე ძვ. წ. მე-5 საუკუნეში ცხოვრობდა, ზუსტად იმ დროს, როდესაც სკვითების საზოგადოება პიკში იყო. ჰეროდოტემ სკვითებს მთელი წიგნი მიუძღვნა, აღწერს მათ ისტორიასა და ტრადიციებს. ერთ-ერთ თავში ის აღწერს, როგორ აჭრიან სკვითი მეომრები მტრებს თავებს, რითაც მეფეებს საკუთარ საქმეს უმტკიცებდნენ.
ამის შემდეგ, სკვითი მეომრები თავებს სკალპს აჭრიდნენ და ხელის ტილოდ იყენებდნენ ცხენის ლაგამზე მოსაკიდად. რაც უფრო მეტი ასეთი ტილო ჰქონდა მეომარს, მით უფრო მაღალი იყო მისი სტატუსი.
„ბევრი სკვითი ამ სკალპებისგან ტანსაცმელსაც კი იკერავს. ბევრიც მტრის ცხედრის მარჯვენა ხელს ყველაფერს აჭრის, კანს, ფრჩხილებს და ამით თავიანთ კაპარჭებს (ისრების ჩასადები) თავს; ამას გარდა, ზოგი მთლიან ცხედარს ატყავებს და ცხენის უნაგირზე დასაფენად იყენებს“, — წერდა ჰეროდოტე.
ეს ყველაფერი თითქოს საზარელ ჭორს ჰგავს, რომელიც სკვითების ბარბაროსობის გაზვიადების მიზნით მოიგონეს. თუმცა, დახვეწილი გორასამარხი აშკარად ემთხვეოდა ჰეროდოტეს კიდევ ერთ ცნობას სკვითების მეფის დაკრძალვის შესახებ.
ორსტედმა და მისმა ჯგუფმა კვლევა 14 სამარხში აღმოჩენილ ტყავის 45 ნაჭერს ჩაუტარა. წინა წლებში მეცნიერები მეცნიერები მხოლოდ ტყავის მარცვლების ანალიზს ეყრდნობოდნენ, რადგან ტყავის დამუშავების პროცესში დნმ იშლება.
თუმცა, ბოლო პერიოდში, მეცნიერებმა შექმნეს ტყავში შემავალი ცილების ანალიზის მეთოდები.
მკვლევრებმა შეძლეს განესაზღვრათ, რომელი სახეობისგან იყო დამზადებული ტყავების უმეტესობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმეტესი მათგანი ცხოველის იყო. უცნობია, უმეტეს შემთხვევაში რისთვის იყო გამოყენებული ეს ტყავები. ზოგიერთი შეიძლება ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი ყოფილიყო. თუმცა, საკმაოდ ადვილად ამოსაცნობი იყო კაპარჭები და ისრების კონტეინერები; ორ სხვადასხვა კაპარჭში ადამიანის კანს მიაგნეს.
მთლიანი კაპარჭი ადამიანის კანისგან არ იყო დამზადებული. ძირითადად შედგებოდა რამდენიმე ცხოველის ტყავისგან და ადამიანის ტყავი გამოყენებული იყო ზედა ნაწილში. მკვლევართა ვარაუდით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კაპარჭებს ინდივიდუალურად ამზადებდნენ, მათთვის ხელმისაწვდომი ტყავისგან, მაგრამ უფრო იშვიათ ტყავს ზემოდან აკრავდნენ.
რა თქმა უნდა, სკვითები მხოლოდ სისხლისმსმელი ხალხი არ იყო. მკვლევართა განცხადებით, ისინი ევროპისა და აზიის დასახლებულ საზოგადოებებს შორის ცხოვრობდნენ და ხელს უწყობდნენ ენების, საქონლის, ტექნოლოგიების, იდეოლოგიებისა და დაავადებების გაცვლა-გამოცვლას ამ ორ განცალკევებულ რეგიონს შორის.
არსებობს იმის მტკიცებულებებიც, რომ ზოგიერთი სკვითი უფრო სოფლის მეურნეობის სტილით ცხოვრობდა. მათ მიერ გამოყვანილ ტყავს შეუძლია გვითხრას, რომელ ცხოველებს ზრდიდნენ ისინი და რა ტექნოლოგიებს იყენებდნენ. ადამიანის ტყავი საინტერესოა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოველთა ტყავიც.
კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიერ