ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრი Jamestown Foundation-ი - საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლში გვევლინება
ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრი Jamestown Foundation-ი - საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლში გვევლინება

ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრი Jamestown Foundation-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლში გვევლინება“.

სტატია 26-27 ოქტომბერს თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ეხმაურება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „თბილისის პლატფორმა“ მისაღებია როგორც ბაქოსთვის, ისე ერევნისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში საქართველოს მიერ ფასილიტატორის როლის შესრულებას.

„შესაძლებელია, ახლა მართლაც შესაფერისი დროა, რათა საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. წარსულში საქართველომ მართლაც შეძლო მედიატორის ფუნქციის შესრულება: 2021 წლის ივნისში, თბილისის შუამავლობით, აზერბაიჯანმა სომხეთს – 15 სომეხი ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა; 2021 წლის 25 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა წარადგინა, ხოლო 2022 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერებს უმასპინძლა. გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო საქართველო ცენტრალურ მედიატორად ვერ იქცა. მაგრამ დღეს, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე მასშტაბურ კონფლიქტებზეა კონცენტრირებული, სულ უფრო იზრდება სამშვიდობო პროცესში საქართველოს მსგავსი რეგიონული აქტორების მნიშვნელობა. აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგებისკენ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა გულწრფელია, ვინაიდან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეასუსტებს რუსეთის გავლენას და, შესაბამისად, გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებასაც“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, „ბაქოსა და ერევანს შორის წარმატებული მედიაცია განამტკიცებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საერთაშორისო საზოგადოებას აიძულებს, უფრო მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმოს საქართველოს სწრაფვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციისკენ“.