ანა დოლიძე - ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის საქმეზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ იქიდან, რა ხდებოდა პირველ, მეორე, მესამე ინსტანციის სასამართლოებში 
ანა დოლიძე - ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის საქმეზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ იქიდან, რა ხდებოდა პირველ, მეორე, მესამე ინსტანციის სასამართლოებში 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებას უცნაურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

ამასთან, ანა დოლიძის თქმით, საეჭვო ნიშნები ამ საქმეზე მან საერთო სასამართლოების ეტაპზე დაინახა.

„ეს ძალიან სერიოზული და საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ საეჭვობოს ნიშნები ამ გადაწყვეტილებაში მე დავინახე საერთო სასამართლოების ეტაპზე. იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ ერთი ხმა, ერთ მოსამართლე წყვეტს ადამიანის ბედს. ამ შემთხვევაში, ბრალდებული პირველმა ინსტანციამ გაამართლა. გაამართლა მეორე ინსტანციამ, სადაც იჯდა ასევე ლევან თევზაძე, ირაკლი შენგელიას ნათესავი და კლანთან დაახლოებული პირი. ასევე მანუჩარ კაპანაძე, რომლის დანიშვნაც გავაპროტესტეთ თავის დროზე, რადგან ის სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე იყო. ეს ბრალდებული გამართლდა პირველ და მეორე ინსტანციაში. უზენაეს სასამართლოში ერთმა ხმამ გადაწყვიტა მისი გამტყუნების საკითხი, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ამ საქმეში მსჯელობა უნდა დაიწყოს თავიდანვე რა მოხდა, პოზიცია, რაც დაიკავა კლანმა, რატომ ჰქონდა ნინო გვენეტაძეს, რომელიც ერთადერთი პირი იყო მეორე მხარეს. სერიოზული კითხვის ნიშნები არის ამ საქმის მიმდინარეობაზე, დასრულებული პრეზიდენტის შეწყალებით და ძალიან გვჭირდება გამოძიება“,  – განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, გამოძიებამდე აუცილებელია საჯარო და საზოგადოებრივი დისკუსია.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატირიუმის გამოცხადებას, ანა დოლიძე განმარტავს, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

„ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რომელიც შეუძლია, გამოიყენოს, შეუძლია, არ გამოიყენოს. როდესაც პრეზიდენტი ამ უფლებას არ გამოიყენებს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. აშშ-დან ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა საკმაოდ გაკრიტიკებული ამერიკული საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტის მიერ შეწყალების გამოყენებაზე.

კონტროვერსიულ გადაწყვეტილებას სჭირდება ახსნა და საზოგადოებასთან დისკუსია და მსჯელობა. თუმცა ამ კონკრეტულ საქმეზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ, რა ხდებოდა პირველ, მეორე და მესამე ინსტანციაში და სასამართლოს გადაწყვეტილებები ცხელი კარტოფილივით რატომ იცვლებოდა, რაც ამ შეწყალებით დასრულდა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.