ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჰააგიდან ჩამოყვანილმა მოსამართლეებმა მიიღონ
ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჰააგიდან ჩამოყვანილმა მოსამართლეებმა მიიღონ

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას პალატა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ჰააგიდან ჩამოყვანილი მოსამართლეები მიიღებენ.

დოლიძის თქმით, პალატის შექმნის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს.

ამასთან, როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ეს დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, რომ ქვეყანაში შეუნარჩუნდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„ჩვენი პარტია მიზნად ისახავს, ძალიან სწრაფად გაარღვიოს დაპირისპირება, ორპოლუსიანობა და შეუდგეს სწრაფ განვითარებას. დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამყოფი და დამაპირისპირებელი საკითხი ბანაკებს შორის ჩვენს მოსახლეობაში არის მიხეილ სააკაშვილის გასამართლების თემა. ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს სააკაშვილთან დაკავშირებით აქ არსებულ რეპრესიულ სისტემაში უნდა გაეცეს პასუხი. იქიდან გამომდინარე, რომ მე თავად მაქვს ნაბრძოლი იმ ინტერესების დასაცავად, რომელიც ხელყო სააკაშვილის მეთაურობით მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის უშუალო მეგობრობა მაკავშირებდა და თანამებრძოლობა გირგვლიანის ოჯახთან, მაგრამ ამავე დროს, ვთვლით, რომ სააკაშვილის გასამართლება არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ დავკარგოთ სამართლიანი სასამართლოს იდეის ქონის პერსპექტივა და დავემშვიდობოთ იდეას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს, თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოქალაქეს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ვთვლით, რომ სააკაშვილის საკითხში დავაბალანსოთ სამართლიანობის აღდგენის ინტერესი, მისი როგორც ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს ინტერესიდან ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს, როგორ უნდა გასამართლდეს სააკაშვილი საქართველოში: უნდა შეიქმნას სპეციალური პალატა ჩვენი სასამართლოების ფარგლებში და ამის გამოცდილება გვაქვს ბოსნია და ჰერცეგოვინას მოდელთან დაკავშირებით. საკასაციო ინსტანციით და პირველი ინსტანციით აღნიშნულ პალატაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უცხოელმა, ჰააგიდან ჩამოყვანილმა მოსამართლეებმა. ამის გამოცდილება არსებობს და ეს დაგვეხმარება, რომ ნებისმიერ ადამიანს ქვეყანაში შევუნარჩუნოთ სამართლიანი სასამართლოს უფლება. აღნიშნული უფლებამოსილება აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ნება, რომ აღნიშნული ინიციატივა შესრულდეს“, – განაცხადა დოლიძემ.